ლავროვი: საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს დასავლეთის „პაიკი"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „სუვერენული პოლიტიკის“ გატარება სურს, რაც დასავლეთში არ მოსწონთ.
2024 წლის შედეგების შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი დააყენონ ცრუ დილემის წინაშე: ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ“, საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, სურს გაატაროს „სუვერენული“ პოლიტიკა, რომელიც „ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს“.
ლავროვის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს „პაიკი მედასავლეთეების ხელში“, რომლებიც ქვეყანას უბიძგებენ „დესტაბილიზაციის, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ“. ლავროვს „ეჭვი არ ეპარება“, რომ „ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ ივლის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, საქართველოში განვითარებული მოვლენები „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენების შედეგია. ლავროვი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა, როგორც თავისუფალი, მაგრამ შედეგების „გადათამაშება“ სურთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ხალხის არჩევანი არ მოეწონათ მეთოჯინეებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში“.
სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი განწყობილია საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზაციით“ იმისდა მიხედვით, რამდენად არის ამისთვის მზად თბილისი.
საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები, განსაკუთრებით პირველ დღეებში, საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-მდე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათეულობით მონაწილეს. ძალადობა იყო მედიის წარმომადგენლებზეც.
საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნებს და „ქართული ოცნების" ზოგიერთ წარმომადგენელს სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ამასთან, საერთო პერსონალურ სანქციებზე შეთანხმებას ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს.