ყაზახეთმა ბრაზილიაში გაგზავნა ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის შავი ყუთები
უწყებაში აღნიშნეს, რომ საჰაერო ინციდენტის გამოსაძიებელი კომისია ბრაზილიაში გაფრინდა (Embraer-ის თვითმფრინავები ბრაზილიური კომპანიის მიერ არის წარმოებული). „შავი ყუთები გადაეცემა ბრაზილიის საავიაციო შემთხვევათა გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს,“ ნათქვამია განცხადებაში.
Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ჩამოვარდა აქტაუში. ავარიის შედეგად 38 მგზავრი დაიღუპა, 29 ადამიანი გადარჩა. Reuters-ი და Euronews-ი აზერბაიჯანში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე თქმით, თვითმფრინავი არ დაუშვეს რუსეთის არცერთ აეროპორტში და უბრძანეს, მაგრამ კასპიის ზღვა გადაეფრინა აქტაუს მიმართულებით.
28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს, ბოდიში მოუხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა).
ალიევმა თქვა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა, ვინაიდან მას მიწიდან ესროლეს. მან აღნიშნა, რომ საბოლოო ვერსია შავი ყუთების გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი. ალიევი განაწყენდა, რომ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს სურდათ „ამ საკითხის ჩაფარცხვა“ და „წამოაყენეს ვერსიები რაღაც გაზის ბალონების აფეთქების შესახებ“.
„სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ არაფერი გვესმოდა გარდა ბოდვითი ვერსიებისა რუსეთიდან,“ თქვა მან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსკოვს „დანაშაულის აღიარება, დამნაშავეების დასჯა და კომპენსაციის გადახდა“ მოსთხოვა.