უკრაინამ დაასახელა ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობასთან დაკავშირებული მეთაური
პოლიცია ირწმუნება, რომ 2022 წლის 5 მარტს სწორედ ტარეევმა „გასცა ბრძანება, ესროლათ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვინც კი გამოჩნდებოდა ბუჩაში იაბლონსკაიასა და ვოდოპროვოდნაიას ქუჩების გადაკვეთაზე“.
ბუჩის მეზობელი სოფლის, მიხაილოვკის მცხოვრები, 52 წლის ირინა ფილკინა, 2022 წლის 5 მარტს მოკლეს, როცა ის ველოსიპედით ბრუნდებოდა შინ. მას მინიმუმ 15 ტყვია ესროლეს, მისი ცხედარი გზაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩებოდა, სანამ რუსეთის ჯარები ბუჩას დატოვებდნენ.
ბუჩის გათავისუფლების შემდეგ ფართო გამოხმაურება მოჰყვა Reuters-ის კორესპონდენტის, ზოჰრა ბენსემრას მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია ტალახში მწოლიარე მკვდარი ქალის ხელი კაშკაშა მანიკიურით. ამ ფოტოს მიხედვით მანიაკიურის ოსტატმა ამოიცნო თავისი კლიენტი ფილკინა.
უკრაინის გამოძიების ინფორმაციით, ტარეევის ბრძანების შედეგად იაბლონსკაიას ქუჩაზე 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
რუსეთის ჯარების მიერ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის ხუთკვირიანი ოკუპაციის შემდეგ აღმოაჩინეს მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, ასევე მათ მიმართ ძალადობის, წამებისა და ძარცვის შესახებ. მოკლულთა რიცხვი ასეულებს აღწევს. უკრაინა რუსეთის ჯარებს სდებს ბრალს დანაშაულში. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. ბუჩაში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც არ ემთხვევა მოსკოვის ოფიციალურ ხაზს, რუსეთის მოქალაქეები ექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას „რუსული არმიის შესახებ ფეიკების“ მუხლებით.