ზუგდიდში გააპროტესტეს ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები
საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.
კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ზუგდიდის აქციაზე პროტესტის ნიშნად ფოიერვერკი და ე.წ. ფერადი კვამლი გამოიყენეს. ასევე მონაწილეთა ნაწილი დაფარულო სახით, თავსაბურავ ბალაკლავით მივიდა, რაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ სამართალდარღვებად მიიჩნია.
“ე.წ. ბალაკლავის ტარების გამო აქციის სამი მონაწილის, მათ შორის ჩემს მიმართ პოლიციამ დაიწყო ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება. სასამართლო გაიმართება და ის დაადგენს, დაგვაჯარიმებს 2000 ლარით თუ გაფრთხილებით შემოიფარგლება. დღეს პოლიციას არ ჰქონია რეაქცია პიროტექნიკის გამოყენებაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ, პარტია “დროას” წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ.
აქციის მონაწილეები შეზღუდვების მიუხედავად პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მორიგი აქცია ზუგდიდში რწმუნებულის ადმინისტრაციასთან 31 დეკემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.
თვეზე მეტია, რაც სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.