In memoriam: ჯიმი კარტერი
რაც შეეხება სახლების გათბობაზე და მანქანის საწვავზე ეკონომიას - დღეს ამაზე აღარავის ეცინება. მაგრამ გვერდზე დავტოვოთ კარტერის კომპეტენტურობა ბუნების დაცვისა თუ ენერგეტიკის საკითხებში, რომელსაც მისი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური მეტოქე ჰენრი კისინჯერიც აღიარებდა. დღეს თითქმის არავინ კამათობს: ჯიმი კარტერი ვერ გაუმკლავდა ვერც ბრეჟნევის ექსპანსიონიზმს, ვერც ხომეინის ისლამურ ფუნდამენტალიზმს. და მაინც, რამდენად იყო ეს მისი ბრალი და რამდენად იმ ეპოქისა, რომელმაც კარტერი, ეს „აუტსაიდერი ხიხო“ ჯორჯიის შტატიდან, ძალაუფლებაში მოიყვანა?
როდესაც ჯიმი კარტერი საპრეზიდენტო კომპანიას დაიწყებს, ამერიკის უკანასკნელ ჯარისკაცს სულ რაღაც რამდენიმე დღის დატოვებული ექნება საიგონი. ამერიკისათვის ეს იყო ღრმა კრიზისის ეპოქა, გამოწვეული სამხედრო მარცხით ვიეტნამის ჯუნგლებში და მორალური მარცხით უოტერგეიტის შენობაში. ბევრი ამერიკელისათვის უოტერგეიტის სკანდალი იყო იდენტობის მწვავე კრიზისი, ნიშანი იმ პოლიტიკური სისტემის დეგრადაციისა, რომლითაც ამერიკელები მთელს მსოფლიოში ამაყობდნენ. „ვიეტნამში დავკარგეთ სამხედრო ძალების ნაწილი და უოტერგეიტში სინდისი - სრულად“, ფიქრობდა როგორც ჯიმი კარტერი, ისე მისი ამომრჩეველი. ამ კრიზისის ფონზე, კარტერის მთავარი ლოზუნგი იქნება „მე თქვენ არასდროს მოგატყუებთ“ ამერიკელებისათვის და „დაიცავით ადამიანის უფლებები“ - დანარჩენი მსოფლიოსათვის.
კარტერის და ასევე მისი მთავარი მრჩევლის, ზბიგნევ ბჟეზინსკის აზრით, ჰენრი კისინჯერისა და რიჩარდ ნიქსონის ფუნდამენტური შეცდომა მდგომარეობდა იდეოლოგიური ფრონტის უგულებელყოფაში, რაც იწვევდა მარქსისტული მოძღვრების ექსპანსიას აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა თუ აზიაში. კარტერისა და ბჟეზინსკის აზრით, საჭირო იყო კისინჯერისა და ნიქსონის რეალპოლიტიკის ჩანაცვლება მორალური პოლიტიკით.
არჩევიდან ოთხი თვის თავზე, 1977 წლის 22 მაისს, ნოტრ-დამის (ინდიანა) უნივერსიტეტში ვიზიტისას, კარტერი გააცნობს მსოფლიოს თავის საერთაშორისო პოლიტიკურ პროგრამას, რომლის მთავარი პუნქტი შეეხებოდა პლანეტაზე ადამიანის უფლებების დაცვას.
სხვათა შორის, კარტერი ამ საქმის სისრულეში მოყვანას გაპრეზიდენტებამდე, 1977 წლის 20 იანვრამდე, დაიწყებს: „დაახლოებით 16 იანვრის დილა იყო. ვსაუზმობდით, როცა მოულოდნელი სტუმარი გვეწვია“ - იხსენებდა ანდრეი სახაროვი. „სტუმარმა თავი ამერიკელ ადვოკატად წარმოადგინა და მთხოვა, კარტერისათვის შემედგინა ათიოდე პოლიტპატიმრის სია, რომელთა განთავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო მობილიზებული ამერიკის ძალისხმევა. სტუმარს ქვემოთ მანქანა ელოდა – ორ საათში მიფრინავდა აშშ-ში. სანამ ლუსია [ელენა ბონერი] მას ათქვეფილ ერბოკვერცხს უმზადებდა (სტუმარი მშიერი იყო და უარი არ უთქვამს), მე კარტერისათვის დავიწყე შედგენა სიისა, რომელშიც 16 ადამიანის გათავისუფლება ვითხოვე (10 არაფრით არ გამომივიდა!).“ კარტერის გაპრეზიდენტებიდან ზუსტად ორ კვირაში მისი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საბჭოთა ელჩს, რათა გამოეხატა შეშფოთება საბჭოთა დისიდენტების ბედის გამო.
მაშინ ამერიკის მოკავშირე ბევრი დიქტატორი ჩათვლის, რომ კარტერის ადმინისტრაცია მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლებოდა. თუმცა მათ მალე გაუცრუვდებათ იმედი: კარტერი შეატყობინებს კონგრესს, რომ მის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, ფინანსური დახმარება შეუმციროს ან შეუწყვიტოს იმ მოკავშირეებს სამხრეთ ამერიკაში, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემდნენ.
კარტერის მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლათინურ ამერიკას ეხება, იქნება პანამის არხის პანამისათვის გადაცემაზე შეთანხმების მიღწევა. ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ჰყავს დაწყებული რეიგანით და დამთავრებული ტრამპით. აი, რას დაწერს მათ გასაგონად კარტერი თავის მოგონებებში: „ჩვენ ამგვარად უზრუნველვყავით არხის უსაფრთხოება, დავასრულეთ ისტორიული უსამართლობა, გავუწოდეთ რა ძმური ხელი, აღვადგინეთ მეგობრული ურთიერთობები პანამასთან, გავაუმჯობესეთ ზოგადად ურთიერთობები ლათინურ ამერიკასთან, ვიმუშავეთ ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიის განვითარებაზე პანამაში. ამ ქმედებებმა შეაჩერა კომუნიზმის დივერსიული გავრცელება ლათინურ ამერიკაში და, ალბათ, თავიდან აგვაცილა ომი, რომელსაც ჩვენ არ წავაგებდით, მაგრამ რომელშიც ყველაფერს დავკარგავდით“.
მართლა ასე მოხდა? სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შემცირების ერთადერთი შედეგი იქნება ამ დიქტატორულ რეჟიმებს - არგენტინას, ჩილეს, ურუგვაის, ბრაზილიას, სალვადორსა და ა.შ. - შორის წინააღმდეგობების დავიწყება და აშშ-ის წინააღმდეგ ერთ ფრონტად გაერთიანება, მათ „შინაურ საქმეებში უხეშად ჩარევის“ გამო. მართალია, რომ კარტერის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს „პროგრესული“ ძალების აღზევებას, იქნება ეს ნიკარაგუაში თუ გრენადაზე, თუმცა მალე გაირკვევა, რომ „სახალხო დემოკრატია“ არ ნიშნავს დემოკრატიას და მემარცხენე „პროგრესისტები“ ისევე იყვნენ სისხლს მოწყურებული, როგორც მათი ანტიკომუნისტი მემარჯვენე კოლეგები.
კარტერი კარდინალურად შეცვლის ასევე ამერიკის პოლიტიკას აფრიკაში, რომელიც ცივი ომის ბრძოლის ველად იყო ქცეული. ანგოლაში საბჭოთა კავშირისა და კუბის სამხედრო ინტერვენციის ფონზე ვაშინგტონი დახმარებას უწევდა მოსკოვისა და ჰავანას წინააღმდეგ მეომარ როდეზიისა და სამხრეთ აფრიკის რასისტული რეჟიმებს. კარტერი წერტილს დაუსვამს აპართეიდული რეჟიმების დახმარებას.
აფრიკაში ანტირასისტული პოლიტიკის არა მარტო განხორციელების, არამედ განსახიერებისთვისაც, კარტერი გაეროში ელჩად დანიშნავს მარტინ ლუთერ კინგის ყოფილ თანამებრძოლ ენდრიუ იანგს, რომელიც ძალებს არ დაიშურებს, რათა ამერიკას ავტორიტეტი აღედგინა აფრიკის კონტინენტზე. თუმცა, ვერც კარტერის კეთილი ნება და ვერც ენდრიუ იანგის ავტორიტეტი ვერ შეაჩერებს როგორც კომუნიზმის ექსპანსიას აფრიკაში (ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი), ისე რასისტული რეჟიმის კონსოლიდაციას სამხრეთ აფრიკაში. არც აფრიკის კონტინენტის სხვა რომელიმე მთავრობა იქნება ყაბულს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება თვით ენდრიუ იანგს - მისი არადიპლომატიური ქცევა კარტერს მალე აიძულებს, ის სამსახურიდან დაითხოვოს.
ერთადერთი წარმატება, რომელსაც კარტერი მიაღწევს პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, იქნება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის სექტემბერში გაფორმებული ე.წ. კემპ-დევიდის სამშვიდობო შეთანხმებები. კარტერი ჯერ კიდევ 1977 წელს შეძლებს, დაარწმუნოს ეგვიპტის ლიდერი ანვარ სადათი ისრაელში გამგზავრებულიყო. „დღეს გეუბნებით თქვენ და ვაცხადებთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ჩვენ თანახმა ვართ ვიცხოვროთ თქვენთან მუდმივ მშვიდობაში, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, განაცხადებს სადათი იერუსალიმში ქნესეთის წევრების წინაშე. „ეს იყო ყველაზე არაჩვეულებრივი ამბავი, რაც კი ოდესმე გვსმენია“, იტყვის ამ სიტყვაზე შიმონ პერესი.
კარტერის პოლიტიკის მთავარ წარუმატებლობად ითვლება ამერიკის იმიჯის ისეთი დასუსტება, რომელიც მოსკოვს გააბედვინებს 1979 წლის დეკემბრის მიწურულს ავღანეთში შეჭრას. „ამ რამდენიმე დღეში მე უფრო მეტი შევიტყვე საბჭოთა ქცევის შესახებ, ვიდრე თეთრ სახლში გატარებულ სამ წელიწადში...“ - კარტერის ეს პოლიტიკური გულუბრყვილობა დღესაც აოცებს მკითხველს. თუმცა ავღანეთის გაკვეთილის შემდეგ კარტერი კარდინალურად შეცვლის პოლიტიკას კრემლის მიმართ. ეს ცვლილება ისტორიაში კარტერის დოქტრინის სახელით შევა და გულისხმობდა „საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებას“ სპარსეთის ყურეში ან ამერიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა ქვეყანაში კრემლის ექსპანსიის მცდელობისას.
დღეს არავინ არ კამათობს რეიგანის რეალპოლიტიკის როლზე იმ მიწისძვრის პროვოცირებაში, რომელმაც კრემლი აიძულა, რეფორმებზე წასულიყო და საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დანგრევა და ევროპაში კომუნიზმის დასამარება გამოეწვია. თუმცა თუ რეიგანის ადმინისტრაციის რეალპოლიტიკა გაჯერებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით, ამაში რა თქმა უნდა დიდია კარტერის დამსახურება. ის, რომ რეიგანის ადმინისტრაცია ასევე ხელს შეუწყობს დემოკრატიის პროგრესს მოკავშირე ქვეყნებში, რომლებიც აქამდე უგულებელყოფდნენ ადამიანის უფლებებს (ფილიპინები, სამხრეთი კორეა, ტაივანი, პაკისტანი, თურქეთი, ჩილე, არგენტინა და ა.შ.), ამით რეიგანი, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარებს კარტერის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ დიდ ღვაწლს. ასე რომ, დღესაც თუ პლანეტაზე ბევრ რომანტიკოსს ამერიკა იზიდავს, სწორედ იმ სახისათვის, რომელიც დიდწილად კარტერის გამოძერწილია.
დაბოლოს, როგორც ინგლისურად იტყვიან, last but not least: კარტერი იქნება ის პოლიტიკოსი, რომელიც გააორმაგებს რადიო თავისუფლების დაფინანსებას საბჭოთა ბლოკის ტერიტორიაზე დაფარვის გაუმჯობესებისათვის. ასე რომ, ბევრი ჩვენგანი თუ ახერხებდა მოკლე ტალღებზე რადიო თავისუფლების უფრო ადვილად დაჭერას, რა თქმა უნდა, ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ჯიმი კარტერს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას