ბლინკენი: აშშ-ში ძალიან ეშინოდათ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარის
გაზეთთან ინტერვიუში ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან შეშფოთებული იყო“ ბირთვული საფრთხის გამო. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მინიმუმ განიხილავდა მაინც ბირთვულ ვარიანტს. „მაშინაც კი, თუკი ალბათობა 5-დან 15%-მდე იზრდება, როცა საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, არაფერია ამაზე უფრო სერიოზული“, ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
საუბარში ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს კვირებში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს ჩინურ საწარმოებს რუსეთისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდების ეჭვების გამო. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა პასუხად ჟურნალისტის კომენტარზე, რომ პეკინისთვის დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა საკმარისად ეფექტიანი არ იყოს. ბლინკენმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ადრე მიღებული გადაწყვეტილებები ჩინეთს უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს. „მათ ნამდვილად არ მოსწონთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ“, დასძინა მან.
აშშ და ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვი და პეკინი აგრძელებენ სამხედრო თანამშრომლობას. რუსეთი და ჩინეთი ასეთ ბრალდებებს უარყოფენ. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონფლიქტის არცერთ მხარეს არ უჭერს მხარს და მისი დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებით გამოდის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი იარაღის გამოყენება უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა, ხაზგასმით აღნიშნა მან. ამავე დროს, ნოემბერში პუტინმა დაამტკიცა განახლებული ბირთვული დოქტრინა. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი „ერთობლივ თავდასხმად“ განიხილავს არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან აგრესიას ბირთვულის მხარდაჭერით. ადრე დოქტრინა ითვალისწინებდა, რომ მოსკოვი ბირთვული იარაღით უპასუხებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თავს დაესხმებოდა ქვეყანა, რომელიც ასევე ფლობს ბირთვულ იარაღს. დოქტრინის განახლებული ვერსია ასევე აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობების ჩამონათვალს.