ხალხმა რუსთაველი ისევ გადაკეტა: აქციების 39-ე დღე
ამ წუთებში იზრდება დემონსტრანტების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნები უცვლელია:
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
პროტესტის 39-ე დღეს, რუსთაველისკენ მსვლელობით დაიძრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები - მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს უნივერსიტეტის ფოიეში აგრძელებენ.
(თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა)
რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა რესპუბლიკის მოედნიდან დაძრული „კაცების შოუს" ფანების მარში.
პარლამენტთან არის დაგეგმილი სამედიცინო ნიღბების აქციაც.
პარალელურად, აქცია იმართება ბათუმშიც; აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლის ქუჩების კვეთაზე არიან შეკრებილები.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.