Reuters: ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გადადო კიევში ვიზიტი
წყაროების თანახმად, კელოგი კიევში გაემგზავრება ტრამპის ინაუგურაციის, 20 იანვრის შემდეგ, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. უცნობია ვიზიტის გადადების მიზეზიც.
კით კელოგმა და ვაშინგტონში უკრაინის საელჩომ არ უპასუხეს კომენტარის შესახებ Reuters-ის მიმართვას.
სააგენტო დეკემბერში წერდა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის ძალისხმევის ფარგლებში, იანვრის დასაწყისში კით კელოგი კიევის გარდა, გეგმავდა ვიზიტს რომსა და პარიზში, სადაც ევროპელ ლიდერებს უნდა შეხვედროდა.
2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა როგორ, არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.
2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, 80 წლის გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის ერთ-ერთი ავტორია. გეგმა ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვას და მოლაპარაკებების დასაწყებად კიევსა და მოსკოვზე ზეწოლას.
უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის გაყინვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.