პროევროპულ აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს დარბაზში შეუძლოდ გახდა
ირაკლი მიმინოშვილმა ჯერ წყალი ითხოვა, შემდეგ კი - სხდომის დარბაზიდან გასვლა. ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ.
„შესვენება არ გამომიცხადებია“, - თქვა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, როდესაც ირაკლი მიმინოშვილმა დარბაზიდან გასვლა ითხოვა: „მანდატური მოუტანს“, - დაამატა მან.
ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. სხდომაზე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
ადვოკატები და დამსწრეები დარბაზის შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა. მას მიაჩნია, რომ დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობს, ყველა უფლება უზრუნველყოფილია. დამსწრეები უჰაერობაზე ჩივიან, ერთ სკამზე რამდენიმე ადამიანი ზის. პროცესი დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი, სადაც მოსამართლემ მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყვნენ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.