ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო დაატყვევეს
"ეს ორი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ისინი ჩამოიყვანეს კიევში და მათთან უკრაინის უშიშროების გამომძიებლები მუშაობენ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე ტყვეების სურათებია გამოქვეყნებული.
მან აღნიშნა, რომ უშიშროების უწყებას დაავალა ტყვეებთან ჟურნალისტების შეხვედრის უზრუნველყოფა.
"მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ კურსკის ბრძოლებში რამდენიმე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ცნობა.