ასწლოვან ხეებს ჭრიან ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის ეზოში
ხეების ჭრას აპროტესტებენ ადგილობრივები. სამოქალაქო აქტივისტის და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის, ნიკა გურინის თქმით, არავინ განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა.
„მოსახლეობას წინასწარ უნდა გვცოდნოდა რატომ გახდა ხეების მოჭრა აუცილებელი. ახლა კი მინიმუმ უნდა მოვიდეს ვინმე პასუხისმგებელი და განმარტება გააკეთოს. არ მგონია, რომ ყველა ხე საფრთხეს ქმნიდა” - უთხრა რადიო თავისუფლებს ნიკა გურინმა.
რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ხეები სკოლის მშენებლობის ფარგლებში იჭრება.
“ახალი სკოლა უნდა აშენდეს , ყველა ნებართვა აქვს სამინისტროს. ხეები საფრთხეს ქმნიდა. პროექტში ყველაფერი გაწერილია, უკანონოდ არ იჭრება” - თქვა ქეთევან ჭიპაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ხეების მოჭრა გააპროტესტეს, მუშებმა მუშაობა შეაჩერეს და ადგილი დატოვეს.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, ვინ გასცა ხეების მოჭრის ნებართვა და რა გახდა ამის მიზეზი.