ცხრა პირია დაკავებული რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები - ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ პოლიტიკურმა მოძრაობამ გაავრცელა.
“რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იყვნენ დაკავებულები და მოქალაქეების პროტესტის ფონზე, შსს იძულებული გახდა ინფორმაცია მიეწოდებინათ დაკავებულის ადვოკატისთვის და როგორც ცნობილია, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი გადაყვანილი ჰყავთ დიღმის იზოლატორში, ხოლო ტიტე გედენიძე ზაჰესის იზოლატორში”, - ნათქვამია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ საპროტესტო აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.
მოსამართლეების რესტორანში შესასვლელად ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო. რესტორანთან მიყვანილი იქნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.