400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო - ომარ ოკრიბელაშვილი საპროცესო შეთანხმებისთვის მზადაა
ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვარს გაგრძელდება. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. 13 იანვრის სხდომაზე გაჟღერდა საპროცესო შეთანხმების საკითხი.
პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის, თუმცა ადვოკატმა პირველად ახსენა პოზიცია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.
"ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ”, - განაცხადა ჭიტაძემ.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ სხდომაზე თქვა, რომ დაცვის მხარე თანახმაა პროკურორის შეთავაზებაზე.
რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, ამ ეტაპზე ის თავის ინტერესებს თავად იცავს. მან საპროცესო შეთანხმებაზე დღეს უარი განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირების და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრალდებულებს ამნისტია შეეხებათ და ისინი მაშინვე გათავისუფლდებიან. ივლისში “ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონი დააინიციირა - ამ მუხლებს შორის არის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილიც. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
“ეს არის ერთობლივი მოლაპარაკება, თუ შედგა დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება, ნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაძლოა შემდეგ პროცესზე პირდაპირ გათავისუფლდნენ. ეს წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა. ომარ ოკრიბელაშვილი თანახმაა ამაზე, თუმცა საბა მეფარიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის”, - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარება სჭირდება.
“შესაძლებელია, პროკურატურა შევიდეს ამ ადამიანების მდგომარეობაში და ნაწილობრივი აღიარებით გადაკვალიფიცირდეს მუხლი 187-ეს პირველ ნაწილზე. ისედაც ამნისტირებულია ეს მუხლი”, - ამბობს გამყრელიძე.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა ბრალის აღიარებისთვის, მუხლის კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში. ომარ ოკრიბელაშვილი მისთვის ამჟამად წარდგენილ ბრალს - ჯებირის დაზიანებას ჯგუფურად - არ აღიარებს.
რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, რომელმაც ადვოკატის აცილება მოითხოვა და ამჟამად დაცვის გარეშეა დარჩენილი, მას მოსამართლე ნათია გუდაძემ მოსაფიქრებლად დრო მისცა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ბრალდების მხარესთან მოლაპარაკების საწარმოებლად, პროცედურულად საჭიროა, ბრალდებულს ადვოკატი ჰყავდეს.
საქმეზე შემდეგი სხდომა 20 იანვარს გაიმართება.
ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა, რომელზეც პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე დასკვნითი სიტყვით უნდა წამდგარიყო, 27 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურისვე შუამდგომლობით, სხდომა 13 იანვრამდე გადაიდო. ადვოკატის თქმით, საქმის გადადება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვასთან იყო დაკავშირებული, რათა ზურაბიშვილს ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი არ შეეწყალებინა.
ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 14 მაისს “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 400-ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა. ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია - აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის საფასურია, 150 ლარი კი მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა.
187-ე მუხლის, რომლის მიხედვითაც ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დღემდე პატიმრობაში რჩებიან, გამკაცრების გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მარტის აქციების შემდეგ მიიღო. მანამდე სასჯელის მაქსიმალური ვადა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო.
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები თბილისში აპრილ-მაისში იმართებოდა. მასშტაბური დემონსტრაციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებდა, მმართველმა პარტიამ ის მაინც დაამტკიცა.