ექიმის ცნობით, გიორგი გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნათია მეზვრიშვილმა გვიამ ღამით ფეისბუკზე დაწერა, რომ „შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”.
ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.
დღეს დილით მეზვრიშვილმა ფეისბუკზე დაწერა: „დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ".
გიორგი გახარია „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მანამდე კი შსს-ს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2021 წელს გახარიამ დააფუძნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად. ყველა მათგანი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
14 იანვარს, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძემ და სხვა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.