ჩეჩნეთში პოლიციის სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი და ანაზღაურებას არ აძლევენ ქვედანაყოფ "ახმატისათვის" გადაბირებულ პირებს
მოქალაქეები, რომლებიც ელიტურ სამხედრო ქვედანაყოფ "ახმატისთვის" რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან გადაიბირეს, ამბობენ, რომ უკრაინაში საომრად გაგზავნის ნაცვლად, თვეების განმავლობაში ჩეჩნეთის პოლიციის სარდაფში იყვნენ გამოკეტილი და დაპირებული ფული არ გადაუხადეს.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ორმა დაქირავებულმა ამ შინაარსის შემცველი ვიდეო ტელეგრამის არხ "ასტრაში" გამოაქვეყნა. ორივე ვიდეო გადაღებულია ცარიელ, უავეჯო ოთახში, სადაც დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფება. ოთახში, იატაკზე, გაშლილია საბნები და ლეიბები, რომლებზეც მამაკაცებს სძინავთ. ისინი ირწმუნებიან, რომ ოთახიდან მხოლოდ უვარგის ტუალეტში უშვებენ და შხაპზე წვდომაც კი არ აქვთ. "ასტრას" ცნობით, პოლიციის განყოფილების სარდაფი სოფელ ნოჟაი-იურტში მდებარეობს.
ორი კაცი ამბობს, რომ სარდაფში ორი თვის განმავლობაში ჰყავთ გამომწყვდეული, დანარჩენები კი, მათი თქმით, იქ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან. "ჩვენ აქ გვყიდიან", - ამბობენ ისინი ვიდეომიმართვაში. მათი ინფორმაციით, ისინი იქ იმისთვის ჰყავთ, რათა უკრაინის ომში ქრთამის საფასურად გაგზავნონ იმათ მაგივრად, რომლებსაც "დანაშაულის გამოსყიდვის" ნაცვლად აგზავნიან საომრად. ასეთი ქრთამის ოდენობა 250-500 ათასი რუბლია და დამოკიდებულია "დამნაშავის" ვინაობაზე და მისი სავარაუდო გადაცდომის სერიოზულობაზე.
გამოცემამ ვიდეოზე აღბეჭდილი რამდენიმე მამაკაცის ვინაობა დაადგინა. ერთ-ერთი მათგანი არის დონბასის ბინადარი, რომელიც რუსეთის მხარეზე გადავიდა, მეორე - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი, ხოლო მესამე - კისლოვოდსკის მცხოვრები.
დეკემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის მოხალისეებმა ჩეჩენი მცხოვრებლების გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ რესპუბლიკაში უკანონო დაკავებების მასიური ტალღა აგორდა, რათა დაკავებულები შემდგომ უკრაინაში საომრად გაეგზავნათ. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავებულს ეძლევა შესაძლებლობა, ქრთამის სახით დააღწიოს თავი ომში გაგზავნას ან თავის ადგილას მიიყვანოს სხვა პირი, რომელიც თანახმაა, ხელი მოაწეროს სამხედრო კონტრაქტს.