ვოლგოგრადში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
დაახლოებით დილის 4 საათისთვის, ქარხანაში რაღაცამ იფეთქა და ცა გადაანათა. თვითმხილველებისა და მოგვიანებით გამოქვეყნებული კადრების თანახმად, ქარხანაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
ვოლგოგრადის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქება და ხანძარი ერთ-ერთ ობიექტზე შიდა პრობლემებისგან გამოწვეული "არასაშტატო ვითარებით" ახსნეს და გამორიცხეს "ზეგავლენა გარედან". ასეთში ბოლო ხანს რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად იგულისხმება უკრაინული დრონების პირაპირი შეტევა ან თვითმფრინავების ნამსხვრევების ზემოქმედება.
წუხელ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამი უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ოფიციალური ცნობით, სამივე დრონი ვოლგოგრადიდან საკმაოდ დაშორებით, ბელგოროდისა და ტამბოვის რეგიონებში ჩამოაგდეს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.