აქციაზე ფეიერვერკის გასროლის გამო ზუგდიდის სასამართლომ მასწავლებელი დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მასწავლებელი მანანა მიქავა საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკის გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა. ის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. მასწავლებელი, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მანანა მიქავა 16 იანვარს, ღამით, დააკავეს პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე მას შემდეგ, რაც მან ფეიერვერკი გამოიყენა.
დაკავებიდან დაახლოებით ორ საათში, მასწავლებელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მანანა მიქავას დაკავებას წინ უძღოდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენლის, მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება.
ამის შემდეგ აქციამაც რწმუნებულის ადმინისტრაციიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, იქ, სადაც დაკავებულები იმყოფებოდნენ.
ღამით მარიამ სიჭინავა ფოთის, კერენ ესებუა კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
მანამდე ისინი მოინახულა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა კესო ჩახაიამ. მისი ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს 173-ე მუხლის პირველ ნაწილით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
დაკავებული აქტივისტების საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ, 18 იანვარს, იმსჯელებს.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის“ არაერთი შემთხვევისთვის უკვე არიან დაჯარიმებული. კერძოდ, სიჭინავა ჯამში 5 000 ლარით დაჯარიმდა აქციაზე ფეიერვერკის გამოყენების ორი და “სახის დამფარავი საშუალების”, ე.წ. ბალაკლავის ტარების ექვსი შემთხვევისთვის. კერენ ესებუა კი ასევე ბალაკლავის ტარების სამი შემთხვევისთვის, ჯამში 2000 ლარით დააჯარიმეს.
კერენ ესებუასგან განსხვავებით, „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა უკვე მეორედ არის დაკავებული. ის პოლიციამ ასევე პიროტექნიკის გამოყენებისთვის 13 იანვარს დააკავა.
15 იანვარს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მართალია, სამართალდამრღვევად მიიჩნია, მაგრამ გაითვალისწინა, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, პიროტექნიკის და სახის დამფარავი საშუალების აქციაზე გამოყენებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების პირველი შემთხვევები ზუგდიდში დაფიქსირდა.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.
კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.