ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძემ, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით მასპინძლობს, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ბაქოში ყოფნა.
აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა...
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, - თქვა მან.
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში დღეს, 17 იანვარს, ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მის გუნდს "ქართულმა ოცნებამ" ნდობა გამოუცხადა პარლამენტში. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.
გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. მათ ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ბაირამოვმა გამოსვლის დასაწყისში ბოჭორიშვილს მიულოცა „წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნა“.