რუმინეთი ადასტურებს უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონით თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას
რუსეთის მიერ უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევისას ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ინფორმაციით, ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატის შეღწევის გამო, 17 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის, ტულჩის რაიონის მცხოვრებთ გაეგზავნა შეტყობინება დრონის ნამსხვრევების შესაძლო ჩამოცვენის შესახებ. ამავე რაიონში გაგზავნეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი F-16.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დრონის ფრაგმენტები უკრაინასთან საზღვრის მახლობლად, ტულჩის რაიონის დასახლებულ პუნქტ პლაურუსთან აღმოაჩინეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიება.
ეს არ არის ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 50 უპილოტო საფრენი აპარატით.
რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, უკრაინის ძალებმა 33 დრონი ჩამოაგდეს, 9 ლოკალურად დაიკარგა, 1 კი უკრაინის საჰაერო სივრციდან გავიდა რუმინეთის მიმართულებით.