მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე.
ხერსონის ოლქის დაბა ანტონოვკაში დაღუპულია ერთი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იმყოფებოდა. ხერსონის ოლქში დაზიანებულია 15-ზე მეტი მრავალბინიანი და კერძო სახლი.
კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაიჭრა 13 წლის ბიჭი. დაზიანებულია სახლები და მაღაზიები.
ოდესის ოლქში რუსეთის სამიზნე იყო საპორტო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 50 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის ძალებმა 33 დრონი ჩამოაგდეს, 9 ლოკალურად დაიკარგა, 1 კი უკრაინის საჰაერო სივრციდან გავიდა რუმინეთის მიმართულებით.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ოდესის ოლქში დრონებით დაარტყა რამდენიმე საწარმოს. ხარკოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქებში დაზიანებულია სახლები, სხვადასხვა დაწესებულების შენობები და კერძო საწარმოები.