ვხედავ დაჩოქებას... საქართველო მოსკოვის გავლენის სფეროში ბრუნდება - ჯონ ჰერბსტი „ქართულ ოცნებაზე“
„ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც“, - ამბობს ჰერბსტი.
მას მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებსა და „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკაზე რეაგირება დააგვიანა.
„საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში“, - ამბობს დიპლომატი.
ის გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტს და მის მოსაწვევს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მიწვეული არავინაა.
„მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა დისკრედიტებულია“, - ფიქრობს დიპლომატი.
ის „უადგილო იმედს“ უწოდებს ამერიკელი მაღალჩინოსნების მოლოდინს, რომ თბილისში ოფიციალურ პირებს სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ პირადი საუბრებით უბიძგებდნენ. ჰერბსტის მიაჩნია, რომ ვითარება გაუერესებულია, რაც მკაცრი სასანქციო პოლიტიკით შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო.
„ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი "ლეიტენანტების" გარეშე. ასე რომ, რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის, კობახიძისთვის სანქნციების არდაწესება, [ამერიკის საქართველოსადმი არსებული] პოლიტიკის პრობლემაა. და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ!“, - ამბობს ანტალტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი.
ის ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე ბრუნდება, სწრაფად არა, მაგრამ შესამჩნევად.
„ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში“, - ამბობს ჯონ ჰებრსტი.