„სხვების დაკავება უნდოდათ და, როგორც ჩანს, აერიათ“ - ზანდუკელის ქუჩაზე დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს
დაკავებულებს პოლიცია მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავება.
იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, რატი ტყემალაძის ადვოკატი მარიამ მაღრაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტყემალაძე და კვარაცხელია პოლიციამ სავარაუდოდ შეცდომით დააკავა, თუმცა მაინც ასამართლებს.
„სხვა ადამიანების დაკავება ჰქონდათ მიზნად, ეძებდნენ მანიფესტანტს, რომელსაც ჰქონდა ფოიერვერკი და ამ მიზნით რუსთაველის ტერიტორიიდან ზანდუკელამდე აედევნენ. მათ არ ეცვათ პოლიციის ფორმა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება, დაკავებულებს ტიტუშკები ეგონათ და შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციელები აკავებდნენ მათ“, - ამბობს მარიამ მაღრაძე.
მისი თქმით, დემონსტრანტებმა დაკავების შემდეგ შეიტყვეს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. იქამდე, ამის შესახებ მათთვის არავის უცნობებია. პოლიციელების იდენტიფიცირება მათი სამოსითაც შეუძლებელი იყო.
„დაკავების საფუძველი არ არსებობდა, აქცია უკვე დამთავრებული იყო და მიდიოდნენ თავისთვის სახლისკენ და აედევნათ სამი ავტომობილი, ეგონათ ტიტუშკები, არც მოწოდება ყოფილა მათი მისამართით და გაიქცნენ. გზა რომ გადაუჭრეს და დააკავეს ამის შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდნენ ფეიერვერკი რატომ ისროლეთო. სხვისი დაკავება უნდოდათ და აერიათ, როცა გაირკვა, რომ მათ არ უსვრიათ გადმოიყვანეს მაინც იზოლატორში“, - ამბობს ოთარ კვარაცხელიას ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
ადვოკატების თქმით, დაკავებულები პოლიციას არ უცემია, მაგრამ ოთარ კვარაცხელიას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას.
„განყოფილებაში ლაზერს ანათებდა ერთ-ერთი პოლიციელი თვალებში, აბა, როგორია, როგორ მოგწონთო“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.
უფლებადამცველმა მარიამ ჯიქიამ ჯგუფ „დაიტოვეში“ დაწერა, რომ რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია იზოლატორში წიგნებს ითხოვენ.
„რატიმ მოითხოვა ჰაიდეგერის ყოფიერება და დრო, ასევე, ელენე ლადარიას გადაეცით ბოდიში, რომ შუალედური ვერ გავუგზავნეო.
ოთომ - ეფლბაუმის ავტოკრატების გაერთიანება, ასევე გადმოგვცა რომ არ ინერვიულოთ თავისუფლებისთვის 48 საათი აქ ყოფნა რა მოსატანია და მალე შემოგიერთდებითო“, - წერს მარიამ ჯიქია.
რატი ტყემალაძის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანია.
„რატი არის ჩემი შესანიშნავი სტუდენტი ონტოლოგიის ისტორიის კურსზე.
იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის ონტოლოგია, განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ მასთან მოპყრობისას“, - წერს ის.
18 იანვარს, 20:30 საათზე ფილარმონიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია დღეს დაკავებულთა სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, სახეები დაიფარეს. ამ საპროტესტო აქტში მრავალი - სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული - ადამიანი იღებს მონაწილეობას.
აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.
დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, - ზანდუკელის ქუჩიდან, - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია.
თვითმხილველების თანახმად, მათ არ ჰქონიათ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუმცა პოლიციაში ადასტურებენ, რომ ორი ახალგაზრდა მათ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.
ადმინისტრაციული დაკავების კანონიერი ვადა 48-საათი ხვალ იწურება. ადვოკატები ელიან, რომ სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში ხვალ 20 იანვარს გაიმართება.