პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღეს, 20 იანვარს, წინასასამართლო სხდომაზე გადაისინჯა.
მოსამართლემ თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავს, რადგან გიორგი მინდაძე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი - პირველად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, მეორედ ნარკოტიკებისთვის. ის ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
სხვა დეტალები მოსამართლეს არ დაუზუსტებია. ამასთან თქვა, რომ ვერ ხედავს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეს.
გიორგი მინდაძის ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11:00-ზე დაიწყება.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დედასთან ერთად ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დააკავეს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში, და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა.
დღეს, 20 იანვარს, უკვე 54-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.