უკრაინაში 90 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - ჟურნალისტები
კვლევის ავტორების აზრით, დაღუპულთა 23% - ანუ თითქმის ოთხიდან ერთი - ის ხალხია, ვინც ომის დაწყების შემდეგ მოაწერა ხელი კონტრაქტებს. 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 14% იყო.
დაღუპულთა ნახევარზე მეტი ომის დაწყების დროს არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან. მათგან 17% პატიმარია, 12% - წვევამდელი. ჟურნალისტებმა "მოხალისეებს" მიაკუთვნეს პირები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები გააფორმეს სასამართლო პროცესის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპებზე. დაღუპულთა რიცხვმა მათ შორის მკვეთრად მოიმატა 2023 წლის ოქტომბრიდან. "მოხალისეებს" შორის საერთო დანაკარგები ყველაზე მაღალია, თითქმის 21 ათასი ადამიანი.
გამომძიებელი ჟურნალისტები დაღუპულ რუს ჯარისკაცთა სიებს ღია წყაროებიდან მიღებული ცნობების საფუძველზე ადგენენ. ღია წყაროებს განეკუთვნება მედია, ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და სასაფლაოების მონაცემები.
მოსკოვი და კიევი არ აცხადებენ თავიანთ დანაკარგებს უკრაინაში ომის პერიოდში და მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ლაპარაკობენ. სამხედრო კონფლიქტებში მხარეები ხშირად აზვიადებენ ხოლმე საკუთარ წარმატებას და ამცირებენ მოწინააღმდეგისას. BBC-სა და „მედიაზონის“ კვლევა დაღუპულთა რაოდენობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი შეფასებაა.
რეალური დანაკარგი, შესაძლოა, ბევრად უფრო მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტების ანალიზმა შეიძლება მოიცვას რეალური სიკვდილიანობის 45-დან 65 პროცენტამდე.
უკრაინის პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ომში 43 000 ჯარისკაცი დაიღუპა და 370 000 ჯარისკაცია დაჭრილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კიევმა დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.