გამოღვიძება
გავიღვიძე. არც ვიცი რომელი საათია. როცა ვიღვიძებ, პირველი, რასაც ვხედავ ყოველთვის ჩემი ფანჯარაა, ლამაზი ფარდა რომ მიყიდა დედამ და დამიკიდა, მაგრამ სინათლეს მაინც ატარებს. ჩემს ოთახში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისეა, როგორც ღამე დავტოვე.
პირი დავიბანე, კბილები გავიხეხე და პირველ ღერსაც ვუკიდებ. თან ფანჯარაში ვიყურები. დღე - არაფერი განსაკუთრებული. მზე და ქარი ერთად. ქუჩას არც განათება აქვს შეცვლილი, არც მუსიკა მოუხდებოდა ამ კადრს. ერთი სრულიად ჩვეულებრივი დღეა.
ტელეფონს ვუყურებ. გუშინ ღამე ბევრი ვსქროლე და დაჯდა. ტელევიზორს ვრთავ, - „მაუწყებელი გათიშულია“, მეორეზე ვრთავ - ისიც გათიშულია, მესამეც გათიშულია, ისევ ვრთავ.. რა ჯანდაბაა! აი როგორც იქნა, - ახალი ამბები იწყება. წამყვანი კმაყოფილი სახით ჰყვება როგორი ლამაზი, ახალი სკვერი გაიხსნა ჩელიაბინსკის გარეუბანში და როგორი ბედნიერია მოსახლეობა. მერე სიუჟეტი იწყება 100 წლის ჩელიაბინსკელ მოხუცზე, რომელმაც იმისათვის, რომ გაძლო და შეძლო, ჯილდოდ 10 000 ლარი მიიღო. ყველა ქართულად ლაპარაკობს. აბა „კოშკა“ და „საბაკაო“?.. მერე უცხოური ამბები იწყება. წამყვანი ჰყვება, როგორ უჭირთ ესპანური სოფლების უწყლოდ დარჩენილ მოსახლეებს, გლობალური ომის პარტიის დაკვეთით როგორ ხოცავენ საკუთარ მოსახლეობას მეომარი ჰომოსექსუალები. აქვე, წამყვანი გვახსენებს, რომ „დიფ სთეითი“ ძალიან ძლიერია და გვიტევსო, მაგრამ ჩვენ, ჩელიაბინსკში, ძალიან გონიერები ვართ და მშვიდობას ვინარჩუნებთო. აბა ომი გინდათო?..
ტელეფონს ვაერთებ და დატენას აღარ ველოდები, როგორც კი ირთვება სოციალურ ქსელში შევდივარ, რომ იქნებ გავიგო რა ხდება.
აი რა ვიგებ სოციალური ქსელიდან: დღეს დილით ერთ ბიჭს კაფკას „პროცესში“ გაუღვიძია, ვიღაცამ კი რაღაც სოფელში, პირდაპირ ფერმაში გაიღვიძა. ვიღაც კიდევ ჰეროდეს ჩამოგდებას ითხოვს. დედაჩემს ვურეკავ, - გაგიჟებულია: 9 აპრილს ჩემი თვალით რომ ვნახე, როგორ ხოცავდნენ ადამიანებს ნიჩბებით, თურმე ტყუილი ყოფილა და ჭყლეტაში დაიღუპნენო.
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და სქროლვას ვაგრძელებ, - ვიღაცას სცემენ და მერე იმასვე იჭერენ, შენ გამოიწვიეო,- ჩელიაბინსკელ კაცს რომ შეაგინებ აბა რა იქნებაო! მერე მეორეს სცემენ, რომ შეგაგინა რატომ შეასხი ყავაო, - ჩელიაბინსკელის გინებას არ მოითმენ გცემენ აბა რა იქნებაო.. იმასაც იჭერენ.. იჭერენ, თავს რატომ იცავდიო, რატომ შენ არ მოითმინეო, გზაზე რატომ გადმოხვედიო, სახე რატომ დამალეო - ჩელიაბინსკში ვინც გცემს ის არ გვაინტერესებს ვინაა, თორემ ვისაც სცემენ კარგად უნდა გავარჩიოთ ყველა ერთმანეთისგანო..
მერე ტელევიზორს ვუბრუნდები ისევ: ერთ კაცს ერთი წიგნი წაუკითხავს, ის უბედურება, რაც იმ წიგნში ხდება პირდაპირ ამდგარა და ცხოვრებაში გადმოუტანია. თან ამაყობს, რა კარგად მოვიფიქრეო.
...დროთა კავშირი დარღვეულია ჩელიაბინსკში. 2025 წელია, 1948 თუ 1984 არავინ იცის ამ დილას.
ვიღებ კალამს და ვხვდები რომ ჩემი როლი მაქვს დასაწერი, ჩემი პერსონაჟი მაქვს შესაქმნელი ამ სიურრეალისტურ, აბსურდულ წიგნში. სიჩუმეა ჩემს გარშემო, მაგრამ მესმის დედების განწირული ტირილი. თვალწინ მიდგას კადრები როგორ ურტყამენ უმწეოდ დაგდებულ ადამიანს და მტკივა. ახლა მე უნდა გადავწყვიტო ვინაა ჩემი პერსონაჟი ამ წიგნში, ადამიანია თუ ცხოველი? მთავარ როლშია და თუ ე.წ. „მასოვკაში“? საკუთარი ხმა აქვს თუ განზე დგას? გაუძლებს დროს და სივრცეს თუ იქვე გაქრება? ეს ის წიგნია, რომელიც შვილებმა უნდა წაიკითხონ, მე კი ჩემი როლი უნდა შევასრულო.
თუმცა, ეს ყველაფერი ჩემს ტვინში ხდება.. ისე, სრულიად ჩვეულებრივი დილაა დღეს, „კოშკას“ არავინ ეძახის კატას და „საბაკას“ ძაღლს.