Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

0

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რუსთაველის გამზირზე კამერების დაზიანების გამო დაკავებული დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა. ორივე მათგანი აღიარებს დანაშაულს. სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ მხარეები საუბრობენ საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა შეთანხმება მიღწეული არაა.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა. მან ორ საფრთხეზე მიუთითა: ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. მისი თქმით, ორივე ბრალდებულმა დააზიანა 14 სათვალთვალო კამერა.

„ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ უნდა დააზიანო გარე სათვალთვალო კამერები? უნდა მოიტანო კიბე და დააზიანო. რა მოტივაცია უნდა გქონდეს? - მოტივაციაა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩამოიარეს და დააზიანეს კამერები? ამას ამბობს გურამ ხუტაშვილი, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სხვა რა მოტივაცია იყო? ლოგიკური კითხვა გაუჩნდება ადამიანს, ეს ქმედება იყო განზრახული? ამიტომ ვფიქრობთ, რომ დანაშაულის განმეორების საფრთხე არ განეიტრალებულა, არცერთი მოტივაციის დაშვებით“, - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს არის მძიმე კატეგორიის, ჯგუფური ხასიათის დანაშაული და არსებობს მიმალვის საფრთხე, მოსალოდნელი სასჯელის გამო.

„ისეთი სწორხაზოვანი და კონტექსტის გაუთვალისწინებელი პოზიცია იყო, არ მოველოდი“, - თქვა პროკურორ თამარ იაკობიძის სიტყვის შემდეგ გურამ ხუტაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

მან გაკვირვება გამოხატა, რატომ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია პროკურორს მას შემდეგ, რაც ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, ინანიებენ, მზად არიან აანაზღაურონ ზარალი, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე და ამის გათვალისწინებით, დაცვის მხარეს არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია.

„პირველივე დღიდან დაკავებისა, ეს ადამიანები არ უარყოფენ ამას. დამალვა რომ სდომებოდათ, მათ ეკეთებოდათ ნიღბები. კიბე მათ არ მოუტანიათ, როგორც პროკურორი ამტკიცებს. ორმა სხვა ადამიანმა სთხოვა დახმარება. ამ ადამიანებს არ ჰქონიათ შეხება კრიმინალთან, დარღვევასთან. აღიარებენ დანაშაულს. მზად არიან ზიანის ანაზღაურებისთვის.

პროკურატურა ამბობს: კი ბატონო, ბრალდებული ასეთ პოზიციაზე იქნება თუ ისეთზე, ჩვენთვის აზრი არ აქვს.

კანონი გვეუბნება, რომ პატიმრობა არ უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის. სასამართლო ითვალისწინებს მის ასაკს, პიროვნებას, დანაშაულის ხასიათს, წარსულში დარღვევას, ოჯახურ მდგომარეობას, ქონებრივ მდგომარეობას - არცერთი ეს გარემოება არ მიუთითებს ბრალდებულების წინააღმდეგ.

ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ კანონის მოთხოვნას მე არ ვანიჭებ არავითარ მნიშვნელობას, მან ეს დაარღვია და უნდა აგოს პასუხი. ეს არის წახალისება იმისა, რომ ადამიანებმა არ აღიარონ, არ მოინანიონ. ასეთი ხისტი მიდგომებით ბრალდების მხარე არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, პირიქით უწყობს ხელს გამწვავებას. სწორედ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყოს (განმუხტვას - რ.თ.)

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ნასვამები არიან, კიდევ წავლენ და დანაშაულს ჩაიდენენ, 25-27 წლისები არიან და აქამდე თუ არ ჩაუდენიათ?! ამბობენ თვითონაც, რომ დანაშაულია და ამის გამო 4-დან 7 წლამდე აუცილებლად? საპროცესოზე მოლაპარაკებებიც არის, კი ბატონო, მაგრამ რას დააშავებენ ეს ადამიანები, რომ იყვნენ გირაოთი გათავისუფლებულები.

გურამ ხუტაშვილი ინტერესებს ვიცავ. ეს ადამიანი არის სოციალურად დაუცველი და გირაოს სახით ვთავაზობ 1000 ლარს და იმედი მაქვს, სასამართლო პროკურატურისგან განსხვავებით გაითვალისწინებს ამ გარემოებას“, - თქვა გელა ნიკოლაიშვილმა.

დანიელ მუმლაძის ადვოკატი სასამართლოს 3-ათასლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა.

როგორც დანიელ მუმლაძემ თქვა სასამართლო სხდომაზე, არ არსებობს მიმალვის საფრთხე:

„არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. როგორც ადვოკატმა ახსენა, ჩართული ვიყავი და საქმეს მივყვებოდი ისე, როგორც საჭირო იყო“.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ თქვა, რომ იმსჯელა დანაშაულის განმეორებაზე და ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ზიანის მასშტაბი სახეზეა.

მოსამართლის სიტყვებით, საქმეში სხვა, ორი არაიდენტიფიცირებული პირიცაა. მოსამართლე ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ხასიათი ორივე ბრალდებულს ახასიათებს არაკანონმორჩილად.

მან ბრალდების ყველა არგუმენტი გაიზიარა და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ორივეს აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლების რაოდენობა გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.

საქართველოში 64 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ადამიანი დააკავეს.

ამასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სულ მცირე, 45 დემონსტრანტის შესახებ.

მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ბოლოს დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, 11-12 იანვრის მიჯნაზე დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Монпелье (ATP). 2-й круг. Рублев сыграет с Юбэнксом, Бублик – с Кепфером, Оже-Альяссим – с Казо






В Московском регионе выявлено более 400 тысяч нелегальных оптоволоконных кабелей на ЛЭП

Функционал под любые задачи: новые клавиатуры A4Tech Fstyler

Тания: важно реализовать избирательное право живущих в России граждан Абхазии

Суд арестовал экс-главу «Фонбета» Анохина на два месяца