კანადამ და მექსიკამ აშშ-ში წარმოებულ საიმპორტო საქონელზე საპასუხო საბაჟო ტარიფები დააწესეს
კანადამ და მექსიკამ გადაწყვიტეს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯის საპასუხოდ, საბაჟო გადასახადი დაუწესონ აშშ-იდან იმპორტირებულ საქონელს.
აშშ-მა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან შემოტანილ პროდუქტს 25%-იანი საბაჟო ტარიფი დაუწესებს.
კანადის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანაც 25%-იან საბაჟო ტარიფს უწესებს ამერიკულ საქონელს. მათ შორის არის კვების პროდუქტები, ალკოჰოლიანი სასმელები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ხე-ტყე და ნედლეული.
ტრიუდოს შეფასებით, საბაჟო გადასახადი შეეხება 155 მილიარდი დოლარის საფასურის საქონელს. ტრიუდომ იქვე თქვა, რომ აშშ-ის და კანადის სავაჭრო ურთიერთობა „მსოფლიოში ყველაზე წარმატებულია“ და დასძინა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება მიუხედავად მომავალი „რთული დროებისა“. მან თანამემამულეებს მოუწოდა, შეიძინონ კანადაში წარმოებული პროდუქტი და შვებულება სამშობლოში გაატარონ და არა აშშ-ში.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაინმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის საპასუხო ზომების შესახებ. მან Х-ით გამოაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრს დაავალა „ბე-გეგმის განხორციელება, რომელიც მექსიკის ინტერესების დასაცავად სატარიფო და არასატარიფო ზომების გატარებას გულისხმობს“.
გეგმის დეტალები მას არ გაუმხელია.
აშშ-ის მიერ საბაჟო ტარიფების დაწესების საპასუხოდ ჩინეთმა განაცხადა, რომ პროტესტით მიმართავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას. ჩინეთის მთავრობის თანახმად, ის აპირებს საპასუხო ზომების გატარებასაც, მაგრამ დეტალები არაა ცნობილი. აშშ-მა 1 თებერვალს გამოაცხადა, 25%-იანი გადასახადი დააწესა კანადაში და მექსიკაში წარმოებული საქონლის იმპორტზე, ხოლო 10%-იანი - ჩინურ პროდუქტებზე
ამ სამი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქტი შეადგენს აშშ-ის იმპორტის 40 პროცენტს. აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის 20-25%-ს კანადიდან იმპორტირებული ნავთობი შეადგენს. სულ, კანადის ექსპორტის 70% აშშ-ზე მოდის.
აშშ-ში შეტანილი ხილის და ბოსტნეულის 60%-ზე მეტი მექსიკაშია მოწეული.