"პუბლიკა" მუქარად თვლის პაპუაშვილის პოსტს, სადაც ის დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს გამოცემას
"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს" - წერს ლეგიტიმაციის პრობლემების მქონე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე და ავითარებს მსჯელობას რომ მედიის მხრიდან დაგეგმილი აქციის გაშუქება სისხლის სამართლის დანაშაულის "რეკლამირებაა", ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი კი ის დონორი ორგანიზაციაა, რომელიც კანონის დამრღვევ მედიას აფინანსებს. პაპუაშვილის თქმით, პუბლიკას შემთხვევაში ეს ევროკავშირია.
პოლიტიკოსის სტატუსი შეეხება 2 თებერვალს თბილისი მოლთან დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებიც თბილისში შემომავალი საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ - ამ აქციის დაანონსების შემდეგ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად შევიდა იმგვარად, რომ ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაული გამხდარიყო;
"პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.
შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით" - ასე გამოეხმაურა პუბლიკა პაპუაშვილის განცხადებას. მედიაგამოცემის ჟურნალისტები პოლიტიკოსის სტატუსს მუქარად მიიჩნევენ.
პაპუაშვილის მუქარა "პუბლიკას" მისამართით გმობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და მის ამ სტატუსს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივებად მიიჩნევს.
"მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე.
პაპუაშვილის მიერ პუბლიკაზე თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის დამოუკიდებელ მედია გამოცემებზე აკეთებს განცხადებებას.
გასული წლის აქციებზე გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და მინდია გაბაძეზე ძალადობის არც ერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის. მინდია გაბაძე პოლიციელების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი გახდა ერთ-ერთ აქციაზე, სადაც მას "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ ინციდენტიდან რამდენიმე მეტრში მდგომმა პოლიციის ეკიპაჟმა კი მიმართვის მიუხედავად დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.
პაპუაშვილის პოსტის ფონია გამოცემა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა, რომელიც ციხეში პროტესტის ნიშნად 22 დღეა შიმშილობს.