ლიეტუვაში მრავალ კომპანიაში ჩატარდა ჩხრეკა სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის მანქანების მიწოდების გამო
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ლიეტუვის საბაჟოს სისხლის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასობრივი ჩხრეკა ჩაატარეს სანქციების გვერდის ავლით რუსეთისა და ბელარუსისთვის მანქანების მიწოდების გამო.
ჩხრეკა ჩატარდა ვილნიუსსა და მის შემოგარენში მდებარე იმ კომპანიათა ოფისებში, რომლებიც ტექნიკის გაყიდვითა და ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებული.
გამოძიების დროს საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს 1,5 მილიონი ევროს ღირებულების 17 სატვირთო და 15 ნახევრადმისაბმელიანი მანქანა. მათ შორის იყო ერთი მიკროავტობუსი, რომელშიც აღმოაჩინეს ოთხი ათასი შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი ბელარუსიდან.
დაკავებულია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი ბელარუსის ორი და ლიეტუვის ორი მოქალაქე. ერთი ბელარუსელი ორი თვით, მეორე კი ერთი თვით დააკავეს. არ გავრცელებულა ცნობები ლიეტუველი ეჭვმიტანილების სანქციის შესახებ.
2024 წლის ნოემბერში ლიეტუვის საბაჟომ დააკავა 13 მანქანა, რომლებიც ბელორუსიასა და რუსეთში გადაჰყავდათ.
გამოძიების თანახმად, 2024 წელს რუსეთსა და ბელარუსში სანქციების გვერდის ავლით, სულ მცირე, 30 ავტომანქანა ჩავიდა. მათ შორის იყო არა მხოლოდ სატვირთო და ნახევრადმისაბმელიანი ტექნიკა, არამედ მდიდრული, BMW-ს, Mercedes-Benz-ისა და სხვა მარკების ავტომობილები. მათი საერთო სავარაუდო ღირებულება, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონ ევროს უნდა შეადგენდეს.