Reuters: ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე გაიზარდა უკრაინის ომის მსვლელობისას
ორმა წყარომ უკრაინის არმიიდან და ხელისუფლებიდან სააგენტოს უამბო, რომ ჩრდილოეთ კორეის იმ რაკეტების სიზუსტე, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში ისვრის, 2024 წლის დეკემბრიდან 50-100 მეტრით გაიზარდა სამიზნესთან მიმართებით. ეს მოწმობს, რომ ჩრდილოეთი კორეა წარმატებით იყენებს ბრძოლის ველს თავისი სარაკეტო ტექნოლოგიების გამოსაცდელად.
"ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე რეგიონსა და მსოფლიოში", - ამბობს შეიარაღების ექსპერტი სეულის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან, იან უკი. მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების ამგვარი გაუმჯობესება შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს სამხრეთ კორეისთვის, იაპონიისა და შეერთებული შტატებისთვის. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, ფხენიანმა შესაძლოა თავისი მოდერნიზებული იარაღი მიჰყიდოს ე.წ. "შეუმდგარ" სახელმწიფოებს ან შეიარაღებულ დაჯგუფებებს.
ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე შეადგენდა ერთიდან სამ კილომეტრს. სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც ჟურნალისტები ესაუბრნენ, ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ამჟამად აღიჭურვება უფრო დახვეწილი სანავიგაციო სისტემებით ან საჭის მექანიზმებით, მანევრირების გასაადვილებლად.
"იმის გამო, რომ ისინი რაკეტებს აწარმოებენ და გამოხმაურებასაც იღებენ დამკვეთებისგან - რუსეთის არმიისგან - ისინი მეტ გამოცდილებას იძენენ უფრო სანდო რაკეტების წარმოებაში", - ამბობენ ექსპერტები.
ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები მხოლოდ მცირე ნაწილია რუსეთის სარაკეტო ოპერაციებში, თუმცა ისინი ატარებენ დიდ ქობინებს, რომელთა წონაც ერთ ტონამდეა და აქვთ 800 კილომეტრამდე დიაპაზონი - ამბობს ერთ-ერთი წყარო არმიიდან. რუსეთის ანალოგიურ რაკეტას, Iskander M-ს, უფრო ნაკლები სასარგებლო დატვირთვა აქვს და მისი სიშორე 500 კილომეტრია.
რუსეთმა 2023 წლის ბოლოდან დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება.
ამასთან, დასავლეთის დაზვერვის მტკიცებით, ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთში შესაძლოა ჩაიყვანეს ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო. მოგვიანებით უკრაინის და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა და სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. კურსკის ოლქის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უკრაინის ძალებს აქვთ დაკავებული.
მოსკოვსა და ფხენიანში არ ადასტურებდნენ, თუმცა არც კატეგორიულად არ უარყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნას და ბრძოლებში მონაწილეობას.
გავრცელებული შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რიგებში დანაკარგები შეადგენს ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანს - თუმცა ამ მონაცემის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
იანვრის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიამ პირველად დაატყვევა ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ისინი დაკითხეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთში ჩავიდა წვრთნის გასავლელად და არა ომში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, გადასცეს დატყვევებული სამხედროები, თუკი ის ორგანიზებას გაუწევს მათი გაცვლის ოპერაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებზე.