ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს არჩევნებზე ლიდერობს პრემიერ კურტის მმართველი პარტია
კოსოვოში დასრულდა ხმის მიცემა 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამჟამად მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი.
ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 38 პროცენტზე მეტით ლიდერობს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მმართველი პარტია "თვითგამორკვევა". მეორე და მესამე ადგილებისთვის იბრძვიან ოპოზიციური "კოსოვოს დემოკრატიული პარტია" და "კოსოვოს დემოკრატიული ლიგა" - მათ ხმების დაახლოებით 20 პროცენტი აქვთ. მეოთხე ადგილზეა კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა, "ალიანსი კოსოვოს მომავლისთვის". არჩევნებში ასევე მონაწილეობდა პარტია "სერბთა სია", რომელსაც მხარი დაუჭირა ჩრდილოეთის რეგიონის მოსახლეობამ - ამ ოლქებში ეთნიკური სერბები ცხოვრობენ კომპაქტურად.
თუ არჩევნების შედეგი დაემთხვევა ეგზიტპოლის მონაცემებს, კურტის პარტიას, დიდი ალბათობით, მოუწევს კოალიციაში შესვლა რომელიმე სხვა ძალასთან, რადგან ის ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას.
კურტის მთავრობა მკაცრ პოლიტიკას მიმართავდა ძირითადად კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბი უმცირესობის მიმართ, ცდილობდა ამ რეგიონზე გაეძლიერებინა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი. ეს პოლიტიკა, ისევე როგორც სერბთა ნაწილის მხრიდან შენარჩუნებული ორიენტაცია ბელგრადისკენ, იწვევდა დაძაბულობის ზრდას. აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებდნენ პრიშტინის ზოგიერთ გადაწყვეტილებას და ამბობდნენ, რომ ისინი არ იყო შეთანხმებული კოსოვოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ოპოზიცია არჩევნებზე გამოდიოდა კურტის მკაცრი პოლიტიკის წინააღმდეგ და აცხადებდა, რომ აუცილებელია ურთიერთობის გაუმჯობესება აშშ-სთან და ევროკავშირთან, ისევე როგორც მოლაპარაკების განახლება სერბეთთან, კავშირების ნორმალიზაციის მიზნით.
კურტის ხელისუფლებამ 2022 წელს შეიტანა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა კოსოვოს ამ მომენტისთვის არ აქვს მიღებული წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირის ხუთი სახელმწიფო, ასევე სერბეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები კვლავ არ აღიარებენ კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობას.