ჰამასი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წყვეტს მძევლების გათავისუფლებას
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჰამასის ეს გადაწყვეტილება შეაფასა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად და ისრაელის არმიას ღაზაში მზაობის მაქსიმალურ დონეზე ყოფნა უბრძანა.
ჰამასის გასამხედროებული დანაყოფის პრესმდივანმა, აბუ უბაიდამ თქვა, რომ მას მერე, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ისრაელი აფერხებს იძულებით გადაადგილებული პალესტინელების დაბრუნებას ჩრდილოეთ ღაზაში, პალესტინელებს კვლავ უხსნის ცეცხლს და დახმარების ტვირთს უზღუდავს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო სამი კვირის განმავლობაში დიდწილად ძალაში რჩებოდა, თუმცა ვრცელდებოდა ცნობებიც ისრაელის მხრიდან სროლის შემთხვევებზე, რომლებსაც მსხვერპლი მოჰქონდა პალესტინელებს შორის.
ჰუმანიტარული სააგენტოების თქმით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა.
უბაიდას განცხადებით, ჰამასი მძევლებს აღარ გაათავისუფლებს მანამ, სანამ ისრაელი შეთანხმებას დაიცავს და "ბოლო კვირების გამო კომპენსაციას გაიღებს".
მძევლების გათავისუფლების შემდეგი რაუნდი შაბათს იყო დანიშნული.
ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 15 იანვარს გაფორმდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. შეთანხმებას განიხილავენ პირველ ნაბიჯად ღაზაში 15 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.
ომი დაიწყო მას მერე, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა სამხრეთ ისრაელზე მიიტანა იერიში, მოკლა 1200-მდე ადამიანი და დააატყვევა 251 პირი.
ისრაელმა პასუხად პალესტინელთა ამ ანკლავში აწარმოა დამანგრეველი ომი, რომელსაც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ცნობით, 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.