მოსამართლის სახლთან აქციისთვის ცხრა ადამიანი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 5000-5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ცხრა ადამიანს, რომლებიც ქუთაისში 26 იანვარს გამართულ აქციაზე სოლიდარობას უცხადებდნენ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. ჯარიმის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მოჰყვა შეძახილები: "უსამართლო სასამართლო!", "თავისუფლება მზია ამაღლობელს!"
ჟურნალისტმა, "საქართველოს ამბები/მთის ამბების" რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, მუსიკოსმა და „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელმა ნინო ქათამაძემ, მასწავლებელმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა ვლადიმერ აფხაზავამ, ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, ფსიქოლოგმა ქეთევან ფილაურმა, ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, სამოქალაქო აქტივისტმა ირინა ზარანდიამ, ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა გივი ცინცაძემ და "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტმა ეკა კუხალაშვილმა აქცია გამართეს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან - მან არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც 20-დან 30 წუთამდე გაგრძელდა და რომელსაც მიზნად არ ჰქონია ვინმეს დაზარალება.
ადვოკატმა ანა ჩაფიძემ წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერებას, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი არის "ბლანკეტური" და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს შეკრების უფლების შესახებ. მან მოსამართლეს სთხოვა დრო, რათა ელექტრონული წესით წარედგინა შუამდგომლობა, რაზეც უარი მიიღო. მან თავისი პოზიციაც გამოხატა და დაცვის ქვეშ მყოფებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"სავარაუდო სამართალდარღვევის მოტივი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამართალდარღვევის მოტივი იყო მზია ამაღლობელის სიცოცხლის გადარჩენა და ვუერთდები ჩემს დასაცავებს და რელევანტურია ამ დარბაზიდან ეს გავაჟღერო", - თქვა ანა ჩაფიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
ადვოკატმა ვალერიან თევდორაძემ კი თქვა, რომ ტროტუარი და ქუჩა არ არის მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი, კერძო საკუთრებაში აქცია არ გამართულა.
"არ გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარემოება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელდა ქმედება", - თქვა მან.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას ადვოკატმა აღნიშნა, რომ თავად მოსამართლე ოქროპირაშვილს არ გაუკეთებია განცხადება, რომ საფრთხე დაემუქრა და განიცადა შიში.
ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ პოლიცია აქციაზე მივიდა ბოლო წუთებზე, ორმა პოლიციელმა, რომლებსაც აქციის მონაწილეებისთვის გაფრთხილება არ მიუციათ, ხელი შეუწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის შექმნას.
ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ამ სახლს მოსამართლე საცხოვრებლად იყენებს, როგორც სამართალდარღვევის მუხლი ითვალისწინებს.
დაცვის მხარის მოსაზრებით, მოსამართლის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეჰქმნია, ამიტომ კოდექსის მშრალი ჩანაწერით არ უნდა შეეზღუდოთ სიტყვის თავისუფლება.
სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა დავით დვალიშვილმა, ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ. მისი თქმით, შემოვლისას შენიშნეს მოქალაქეთა შეკრება, რომელიც ადგილზე მისვლისას დაიშალა და მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
მისი განმარტებით, ის, რომ იმ ადგილას მოსამართლის სახლი მდებარეობს, იქიდან იცოდა, რომ მის "სამოქმედო ტერიტორიაზეა".
სხდომაზე მას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ჰკითხა, რატომ დასჭირდა პატაკის დაწერას აქციიდან 10 დღე, ანუ 26 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდი. ამაზე დავით დვალიშვილმა მას უპასუხა, რომ "ვადები არ დაურღვევია".
ამის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაცინებისთვის გააძევეს ლარა ქარცივაძე, ბათუმელი აქტივისტი.
მან დარბაზი დატოვა შეძახილებით: "თავისუფლება მზიას! არ იქნება სასამართლო, არ იქნება მშვიდობა!"
სასამართლო სხდომაზე ტაში მოჰყვა ფსიქოლოგ მაიას ცირამუას სიტყვას:
"რა მინდა აქ ამ სტატუსით?! მოსამართლეს და ფსიქოთერაპევტებს გვაქვს ასკეტური პროფესიები, თუმცა არაერთხელ მომიწია სამუშაო სივრციდან გასვლა. არანაირი სურვილი არ მქონია ტრანსპარანტის ჭერის, სასტვენის. ჩემთვის "ფოტოგრაფების საქმე" ისევე პროტესტს იწვევდა, რასაც იწვევს მზიას საქმე, ამიტომ მიწევს ჩემი სივრციდან გასვლა, რადგან არაერთხელ გამიწია ადვოკატირება... 30 დღეა, პალატაში გამოკეტილია მზია ამაღლობელი და ჩვენ არ ვიცით, როგორ დამთავრდება ეს აქტი. ჩემი პროტესტი ეძღვნება სამართალში ყველაზე მაღალ სტანდარტს, ადამიანის სიცოცხლეს!"
ლადო აფხაზავამ მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამ სკოლაში მუშაობს, ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას, თუ მოსამართლე დააკისრებს.
"გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ", - თქვა ლადო აფხაზავამ სასამართლო სხდომაზე.
აქციის ცხრა მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 6 თებერვალს შეუდგინა და მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ეს ქმედება გამოიწვევს 5 000 ლარით დაჯარიმებას ან 60 დღემდე პატიმრობას.
მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცმების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.