რუსეთმა თავისი ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ისტორიაში
2024 წლის მონაცემებით, რუსეთმა 100-დან 22 ქულა დააგროვა და 180 ქვეყანას შორის 154-ე ადგილი დაიკავა. იგივე შედეგი მიიღეს აზერბაიჯანმა, ჰონდურასმა და ლიბანმა, ნათქვამია „ტრასპარენსი ინტერნეიშნელ-როსიას“ ანგარიშში.
ერთი წლით ადრე რუსეთმა 26 ქულა დააგროვა და 141-ე ადგილი დაიკავა. მაშინ ამდენივე ქულა მიიღო გვინეამ, რომელმაც 2024 წელს შედეგი გააუმჯობესა და 28 ქულა დააგროვა. იმ რეგიონების ფონზეც კი, სადაც ტრადიციულად მაღალია კორუფცია, რუსეთი აგრძელებს პოზიციის გაუარესებას, აღნიშნავენ ექსპერტები.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დააჩქარა რუსეთში იმ „ინსტიტუტების დეგრადაცია“, რომლებმაც მთავრობის ანგარიშვალდებულება უნდა უზრუნველყოს. „რუსეთი თანმიმდევრულად ზღუდავს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხურავს წვდომას საბიუჯეტო ხარჯებისა და სახელმწიფო ორგანოების შესყიდვების შესახებ ინფორმაციაზე. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობები მინიმუმამდე მცირდება“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
შარშან კლება აჩვენეს ასევე ბელარუსმა, ყირგიზეთმა, თურქეთმა და ტაჯიკეთმა.
საქართველოს კვლავაც 53 ქულა აქვს და 53-ე ადგილზეა.
ზედიზედ მეშვიდე წელია, ინდექსში ყველაზე მაღალი ქულა აქვს დანიას (90 ქულა), შემდეგ მოდიან ფინეთი (88 ქულა) და სინგაპური (84 ქულა). 180 სახელმწიფოს სიის ბოლოში არიან სამხრეთი სუდანი (8 ქულა), სომალი (9 ქულა) და ვენესუელა (10 ქულა).