პაატა ბურჭულაძე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმეს
ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს საპროტესტო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის" პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. შსს-ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლში მიუტანეს, რისი ამსახველი ვიდეოც თავად პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა ფეისბუკზე.
პოლიციელმა მას უთხრა, რომ 12 თებერვალს თბილისში, "პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა", რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ გუშინ საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ იყო ოპერის წინ, სადაც თავისივე იუბილესადმი მიძღვნილ მარშში მონაწილეობდა.
პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ "არ აღიარებს მათ მთავრობას". შსს-ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.
ცოტა ხნით ადრე, ასევე 5000 ლარით დააჯარიმეს პარტია "ახლის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე. პოლიციელები ჯარიმის ჩასაბარებლად მის სახლშიც მივიდნენ.
7 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა, რითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.