"ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან" - ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე
"ჩვენ გვყავს მარიონეტილი მთავრობა, რომელემაც ისევ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იგი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომ დააშოროს საქართველო ევროპულ გზას და დააბრუნოს იგი რუსულ ორბიტაზე. ეს ძალიან საშიშია, რადგან თუკი ეს მოხდება საქართველოში, და მე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამ დრომდე, ეს შეიძლება სადმე სხვაგანაც გამოიცადოს. საქართველო არ არის მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს შავი ზღვის საკითხიცაა - ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას?", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დისკუსიაზე, მანვე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილ პროექტებზე საქართველოში და განაცხადა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, დასავლეთისთვის "მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა".
"ბოლო პერიოდამდე, უკრაინის ომამდე, ჩვენს პორტებში ნატოს ხომალდები შემოდიოდა. ეს შეწყდა. რუსეთმა განაცხადა, რომ ახალ სამხედრო ბაზას გახსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ანაკლიის პორტი ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ იცის როდის აიღებენ კონტროლს ჩინელები, ესაა რაც ჩვენ გვესმის, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩინეთთან მიმართებით, ვერ ვხედავთ ხელშეკრულებას, არ ვიცით მისი შინაარსი და ვიგებთ მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია. ეს რეგიონი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის სამომავლო პროექტებისთვის, მათ შორის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის სფეროებში, იმისათვის რომ გზა გაჭრილიყო ცენტრალური აზიისკენ... ვფიქრობ ეს უფრო მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, ვიდრე ერთი პარტიის გამარჯვება ოპოზიციაზე, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს დისკუსიაზე ჰკითხეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღაზე, "ქართული ოცნების" საპასუხო ქმედებებსა და ამ ფონზე, რა სტრატეგია არსებობს ქვეყნის შიგნით?
ზურაბიშვილის სიტყვებით, საქართველოში მოსახლეობა მშვიდობიანად, თვითორგანიზებით გადის ქუჩის აქციებზე და სტრატეგიაა "წინააღმდეგობა", ასევე არსებული პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია და ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა.
"ეს არაა რევოლუცია და ჩვენ გვყავს ძალიან შეგნებული მოსახლეობა, ძალიან მშვიდობიანი და საკმაოდ კარგად იცის, რომ ვართ იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც არ გვაძლევს რევოლუციური გზით სიარულის საშუალებას. თქვენი კითხვაა, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა იმიტომ, რომ ამჟამად სუსტი დიქტატურაა, წინააღმდეგობით უნდა გავაკეთოთ ეს - ხალხის ინიციატივა და ჩემი როლი, მოვახდინო მეტი კონსოლიდაცია არსებული პოლიტიკური პარტიების და არამხოლოდ. ქუჩის პროტესტი იმ პროცესშია, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც შემდგომ სტრატეგიას განსაზღვრავენ რეჟიმი ვერაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. ქუჩის პროტესტს ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს, რისი დიდი სურვილიც აქვთ მათ, რომ ორგანიზება მომხდარიყო ერთი ან ორი პარტიის მიერ... საკმაოდ ფართეა პროტესტი, ზოგჯერ არაპროგნოზირებადი, ზოგჯერ კრეატიული", - თქვა მან.
2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში "ქართული ოცნების" მთავრობა არ მონაწილეობს.
კონფერენცია 14 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
დემონსტრაციების 79-ე დღე და 50-ზე მეტი დაკავებული
საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 79-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
ამ ხნის განმავლობაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა
დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
2024 წლის დეკემბერში აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, - როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.
მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო "ქართული ოცნების" სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.