საზოგადოებრივი ასამბლეა მიმართავს მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს
ასამბლეის წარმომადგენლები 15 თებერვალს გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში წერენ, რომ ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარგადასული ძალის გამოყენებით, მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მიმდინარე მასობრივი პროტესტი:
„დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარგადასული ძალის გამოყენებით, მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მიმდინარე მასობრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევამ. სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სასამართლო, ქცეულია პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად,
დღეს საქართველოში ორი ჟურნალისტია პოლიტიკური მოტივით დაკავებული. მათ დაკავებისთანავე პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე 30 დღეზე მეტია შიმშილობს, ხოლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, 140 დღეზე მეტია შიმშილობს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სხვადასხვა მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები დაზარალდნენ და დღემდე, არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული.
თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიები სხვადასხვა ფორმები გამოიყენება, მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შედეგად სამ მედიასაშუალებას, „ტვ 25“-ს, „ბორჯომი ტვ“-სა და ონლაინგამოცემა „მრავალკუთხედს“ მოუწია საქმიანობის შეწყვეტა.
ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალება, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების დაუყოვნებლივ გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ“, - აცხადებენ საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში გაერთიანებული ჯგუფების წარმომადგენლები.
საერთო საზოგადოებრივი ასამბლეა თბილისში 8 თებერვალს დაფუძნდა. ის აერთიანებს 25-ზე მეტ ინტერესჯგუფს და 3000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან სტუდენტები, იურისტები, ემიგრანტები, მასწავლებლები, მცირე მეწარმეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები.