აშშ-მა და ისრაელმა ღაზაში და ირანის მიმართ გაერთიანებული ფრონტი წარმოადგინეს
ეს მათ გამოაცხადეს ჟურნალისტების წინაშე იერუსალიმში, სადაც რუბიომ ახლო აღმოსავლეთში თავისი პირველი მოგზაურობა დაიწყო როგორც სახელმწიფო მდივანმა ტრამპის ადმინისტრაციაში.
„ჰამასი ვერ გააგრძელებს არსებობას როგორც სამხედრო ან სამთავრობო ძალა...ისინი უნდა განადგურდნენ“ - თქვა რუბიომ პალესტინელთა ისლამისტურ გაერთიანებაზე, რომელიც ღაზის სექტორში 15 თვე ებრძოდა ისრაელს, სანამ 19 იანვარს ძალაში არ შევიდა მყიფე ცეცხლის შეწყვეტა.
რუბიომ ასევე განაცხადა, ჰამასი ავლენს „ავადმყოფურ გარყვნილებას,“ როცა დაღუპული მძევლების გვამებს არ იძლევა. რუბიოს გვერდზე მდგომმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ორ მოკავშირეს „საერთო სტრატეგია“ აქვთ და „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ გაიხსნება, თუ ყველა მძევალი, რომლებიც ღაზაში ჰყავთ დაკავებული, არ გათავისუფლდებიან.
ეს გაფრთხილება გამოითქვა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ჰამასმა კიდევ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა ისრაელის საპატიმროში მყოფი 369 პალესტინელის სანაცვლოდ. ეს უკვე მეექვსე ასეთი გაცვლა იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით დაიდო.
ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის პირობების დარღვევაში. 16 თებერვალს ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა რაფაჰში, ღაზის სამხრეთში, რასაც მან „ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ სერიოზული დარღვევა“ უწოდა. ისრაელმა განაცხადა, რომ დაარტყა რამდენიმე „შეიარაღებულ პირს“ ღაზის სამხრეთში.
ეს ღაზაში ისრაელის სულ მცირე, მეორე საჰაერო დარტყმა იყო ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე წამოაყენა წინადადება, რომელიც ფართოდ იყო განხილული და გაკრიტიკებული, რომ კონტროლს დააწესებდა ღაზაზე და მისი ორ მილიონზე მეტ მოსახლეს სხვაგან გადასახლდებნენ.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ტრამპის თამამი ხედვა განიხილეს და „ვიმუშავებთ მასზე, რათა ეს ხედვა რეალობად იქცეს“.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ღაზელებს უნდა მიეცეთ წასვლის არჩევანი. ტრამპის სქემის დეტალები არაა ცნობილი, მაგრამ მან თქვა, რომ ღაზის მოსახლეობა შეიძლება გადაასახლონ იორდანიასა და ეგვიპტეში.
ვაშინგტონმა ადრე გამოაცხადა, რომ გახსნილია არაბული ქვეყნების სხვა ალტერნატიული წინადადებებისთვის, მაგრამ რუბიომ დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ ტრამპის გეგმა.
საერთაშორისო თანამეგობრობა, საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები ძირითადად ემხრობიან ორი სახელმწიფოს არსებობას რეგიონში, ანუ ისრაელმა და პალესტინელთა სახელმწიფომ უნდა იარსებონ ერთმანეთის გვერდზე.
რუბიო 17 თებერვალს ჩავა საუდის არაბეთში და ასევე ესტუმრება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.
ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, მის პირველ ეტაპზე, 19 ისრაელელი მძევალი გაიცვალა ასეულობით პალესტინელ პატიმარში.
251 მძევლიდან, რომლებიც ჰამასმა და სხვა დაჯგუფებებმა აიყვანეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს, 70 ღაზაში რჩება. მათგან 35 ისრაელის არმიის ვარაუდით, დაიღუპა.
მომავალ კვირაში დაიწყება მეორე ეტაპზე მუშაობა.
რუბიომ ირანს უწოდა „რეგიონში არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყარო“. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, „ეჭვი ამ მეპარება, ჩვენ შევძლებთ და მოვრჩებით ირანის წინააღმდეგ საქმეს“.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს, ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ 15 თვის მანძილზე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების დროს თითქმის მთლიანად განადგურდა ღაზის სექტორი, დაღუპულთა რიცხვმა 48 ათასს გადააჭარბა. ამ მონაცემებს გაერო სარწმუნოდ მიიჩნევს.