ავსტრია "ისლამისტურს" უწოდებს თავდასხმას, რომლის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა
დაკავებულია 23 წლის სირიელი თავშესაფრის მაძიებელი პირი. 15 თებერვლის თავდასხმამ ქალაქ ვილახში შეძრა ავსტრია, ამ კვირაში მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, სადაც მთავარი საკითხები იყო მიგრაცია და უსაფრთხოება. ავსტრია აქამდე მხოლოდ ამ მოტივით ერთი თავდასხმის მოწმე იყო 2020 წელს, როცა ისლამური სახელმწიფოს (IS) მომხრემ სროლა ატეხა ვენის ცენტრში, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ ვილახში თავდასხმაში ეჭვმიტანილის - 23 წლის სირიელი თავშესაფრის მაძიებელი პირის - რადიკალიზება ინტერნეტით მოხდა "დროის მცირე მონაკვეთში". "ეს ისლამისტური თავდასხმაა, რომელიც IS-სთან არის დაკავშირებული", - განუცხადა კარნერმა ჟურნალისტებს ვილახში, კერნტენის პროვინციაში.
ეჭვმიტანილის ბინის გაჩხრეკისას, პოლიციამ იპოვა "ისლამისტური რადიკალური იდეოლოგიის აშკარა მტკიცებულება", როგორიცაა, ისლამური სახელმწიფოს დროშები კედელზე, განაცხადა რეგიონის პოლიციის უფროსმა, მიხაელა კოლვაისმა პრესკონფერენციის დროს. მან თქვა ასევე, რომ პოლიციამ ბინაში იარაღი ან "სხვა სახიფათო ნივთები" ვერ იპოვა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება "მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის" ბრალდებებით.
პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი ქალაქის ცენტრში დასაკეცი დანით დაესხა თავს გამვლელებს.
სირიელი დააკავეს უშუალოდ თავდასხმის შემდეგ. ის შეაჩერა მისმა თანამემამულე სირიელმა, საკვების დამტარებელმა და ასევე თავშესაფრის მაძიებელმა, რომელიც მანქანით დაეჯახა თავდამსხმელს და მსუბუქად დააზიანა ის.
14 წლის ავსტრიელი დაიღუპა, ხოლო კიდევ ხუთი სხვა ადამიანი დაშავდა, სამი მათგანი რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულთა შორის არის კიდევ ორი მოზარდი, ორივე 15 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი, მსხვერპლი 36 წლისა იყო.
ავსტრიაში სირიელ ლტოლვილთა დიდი რაოდენობაა - თითქმის 100 000 ადამიანი. დეკემბერში, სირიაში ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდების შემდეგ, ავსტრიამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერეს სირიელებისთვის თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნების განხილვა, მოცემული ვითარების გადახედვის მიზნით.
ამასთანავე, ავსტრიამ შეწყვიტა ოჯახების გაერთიანების პროცესი და სულ ცოტა, 2400 წერილი დააგზავნა ლტოლვილის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამზადებს "სირიაში რეპატრიაციისა და დეპორტაციის გეგმაზომიერ პროგრამას".