ევროპის ლიდერებმა პარიზში იმსჯელეს თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებაზე
პარიზის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით გაიმართა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებისა და ქმედებების ფონზე, რამაც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ევროპის ინტერესებს და რუსეთთან ხომ არ მიაღწევს ევროკავშირისა და უკრაინისთვის არახელსაყრელ შეთანხმებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. შეხვედრის დაწყებამდე ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საუბრის შინაარსის შესახებ არ იტყობინებიან.
შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო აზრთა არაფორმალური გაცვლა და ლიდერები არაფერზე არ შეთანხმებულან.
ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი იმას, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარება მის ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა, ისევე როგორც ნატოს ყველა ქვეყანამ, ერთად უნდა იმოქმედონ უკრაინის უსაფრთხოებისა და გარანტიების საკითხებზე. ამასთან, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინაში რაიმე სამშვიდობო მისიაზე და მასში გერმანიის მონაწილეობაზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა განხილულიყო სამშვიდობო მისია უკრაინაში. შოლცის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ პარიზში გამართულ სამიტზე მსგავსი მისიის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. კანცლერმა თქვა, რომ სამშვიდობო მისიაზე საუბარი გამაღიზიანებელია, რადგან უკრაინაში ომს ბოლო არ უჩანს და ამჟამად არ არის საუბარი სამშვიდობოების გაგზავნაზე.
შოლცმა ასევე გამოკვეთა რამდენიმე პუნქტი, რაზეც შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა. ეს არის შესაძლებლობა უკრაინისთვის, გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დემოკრატია და ჰყავდეს ძლიერი არმია. შოლცის აზრით, ეს პრინციპები არ უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი. შოლცს არ უხსენებია უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის მონაწილეების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ „დაადასტურეს, რომ უკრაინა იმსახურებს მშვიდობას ძალის მეშვეობით. მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით“. მან ასევე მხარი დაუჭირა ევროპაში თავდაცვის გაძლიერებას.
შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ განხილულ თემებს შორის იყო ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდა და ამასთან დაკავშირებული საბიუჯეტო წესების ცვლილებები. ტუსკმა ასევე დაადასტურა თავისი ერთგულება პრინციპისადმი, რომ უკრაინის ბედის თაობაზე გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და დანიის პრემიერმა ფრედერიკსენმაც დაუჭირეს მხარი თავდაცვის ხარჯების გაზრდას. სტარმერმა დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრიტანეთს შეუძლია თავისი ჯარის გაგზავნა უკრაინაში. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ შეერთებული შტატების გარანტიებს შეუძლია მომავალში თავიდან აიცილოს რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე. დანიის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპის სხვა ქვეყნებს.
შეერთებული შტატები და რუსეთი სამშაბათს საუდის არაბეთში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელსაც ორივე მხარემ უწოდა პირველი ნაბიჯი უკრაინის თაობაზე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. მოლაპარაკებებზე არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მიწვეული, რამაც, ისევე როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებმა, ევროპის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ აღიარებს სამშაბათს მიღებულ შეთანხმებებს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს მშვიდობის პირობებზე.