მაიამიში ადგილობრივ ებრაელს ისრაელელი ტურისტები პალესტინელები ეგონა და ესროლა მათ
თავდამსხმელის, 27 წლის მორდეხაი ბრაფმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. დაჭრილი ტურისტები საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მალევე გაწერეს, აზუსტებს ადგილობრივი პორტალი Local 10 News.
თავდასხმა მოხდა შაბათს, 15 თებერვალს. საქმის მასალების მიხედვით, ბრაფმანმა ცეცხლი გაუხსნა მანქანას, მან 17-ჯერ გაისროლა ნახევრადავტომატური პისტოლეტით. დაკავების შემდეგ ბრაფმანმა განმარტა, რომ თავის სატვირთო მანქანას მართავდა, „დაინახა ორი პალესტინელი, ესროლა მათ და ორივე მოკლა“.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაზარალებულები იყვნენ ისრაელელი ტურისტები. პოლიციამ სროლას „არაპროვოცირებული“ უწოდა: ბრაფმანსა და დაჭრილებს შორის ჩხუბი არ ყოფილა.
თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთმა მსხვერპლმა, არი რაბეიმ, ფეისბუკში დაწერა მომხდარის შესახებ და დაურთო რამდენიმე ფოტო და ვიდეო, მათ შორის საკუთარი ფოტო საავადმყოფოს საწოლზე. „მე და მამაჩემი გადავურჩით ანტისემიტურ ფონზე მკვლელობის მცდელობას“, წერს რაბეი და პოსტში სიკვდილს უსურვებს არაბებს.
მოგვიანებით, რაბეიმ წაშალა ეს ტექსტი და გამოაქვეყნა ახალი, რომელშიც დატოვა მკვლელობის მცდელობის „ნაციონალისტური საფუძველი“, მაგრამ მოაშორა არაბებისთვის სიკვდილის სურვილი. კომენტარებში მას შეახსენებენ ორიგინალურ პოსტს, სკრინშოტს ფართოდ აზიარებენ სოცქსელ X-ში.
ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ მოითხოვა, რომ ბრაფმანს დაემატოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის სასჯელს. თავდამსხმელის ადვოკატი ირწმუნება, რომ მას „ინციდენტის დროს“ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მზად არის, მკურნალობა გაიაროს.
ებრაულ და არაბულ თემებს შორის დაძაბულობა მთელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს. მაშინ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა და ისინი ღაზაში წაიყვანეს. ზოგიერთი დღემდე მძევლად რჩება.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 48 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები.