ტრამპმა ზელენსკის „4%-იან რეიტინგსა“ და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე ილაპარაკა
იმავე დღეს, ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ სამი წელი ჰქონდათ ადგილი (მოლაპარაკების მაგიდასთან), შეეძლოთ გარიგებისთვის მიეღწიათ და ომი არ დაეწყოთ.
18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა კიევისთვის სიურპრიზი იყო და ინფორმაცია მედიით შეიტყვეს. ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე ვერ მიიღებენ.
სააგენტო Bloomberg-ის წყაროების თანახმად, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს, სურდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო ვოლოდიმირ ზელენსკისაც, მაგრამ ვაშინგტონმა და მოსკოვმა მოითხოვეს, რომ შეხვედრა უკრაინის გარეშე გაემართათ.
ფლორიდის რეზიდენციაში 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკა იმაზეც, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. რას ეფუძნება ეს მონაცემი, ტრამპს არ უთქვამს.
იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელია მართავს.
დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წლის აპრილში აირჩიეს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო ვერ ჩატარდა.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგს, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევით, 2024 წლის ბოლოსთვის ზელენსკისადმი ნდობის მაჩვენებელი 52% იყო, ხოლო უნდობლობის - 39%.
განახლება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-ია, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა დღეს, 19 თებერვალს გამოაქვეყნა 2025 წლის 4-9 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა უკრაინელების 57% და არ ენდობა 37%.