უკრაინის ცესკოს თავმჯდომარე: ამ ეტაპზე არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის
დიდენკომ ამას უწოდა „ჰიბრიდული ომი“, რომელსაც „მტერი აქტიურად იყენებს“.
ცესკოს თავმჯდომარის სიტყვებით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება „თეორიულად შესაძლებელია“, მაგრამ ამისთვის აუცილებელია დამყარდეს მშვიდობა და გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა.
„დღესდღეობით არც ფაქტობრივი და არც იურიდიული საფუძველი არა გვაქვს არჩევნებზე სალაპარაკოდ. ამჟამად საგანგებო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ხდება არჩევნების ორგანიზება ან ჩატარება,“ თქვა დიდენკომ.
ის ასევე შეეხო ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონული გზით კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში ძალზე რთული იქნებოდა ამის გაკეთება და ეს დამატებით ეჭვებს გააჩენდა კენჭისყრის სანდოობის მიმართ. თავის მხრივ, ეს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს.
დღესვე, უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მას უწოდა „დიქტატორი, რომელიც არ აურჩევიათ“. მსგავსი ბრალდება არაერთხელ წაუყენა ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, არ გამართულა ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.