Reuters: აშშ-ს კიევთან წიაღისეულის შესახებ „გამარტივებული“ შეთანხმების დადება სურს
სააგენტო Reuters-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს კიევთან ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დადების იდეაზე და ახლა განიხილავს დოკუმენტის “გამარტივებულ” ვერსიას, რომელშიც არ იქნება შეტანილი კონკრეტული რიცხვები და მხოლოდ თანამშრომლობაზე მხარეების სურვილი იქნება აღნიშნული.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა ხელი მოეწერა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე, რომელიც, ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ითვალისწინებდა უკრაინის წიაღისეული რესურსების მოპოვებიდან მიღებული მოგების 50%-ის კონტროლს აშშ-ს მხრიდან. საქმე ეხება მრეწველობისთვის მნიშვნელოვან ლითონებს, ტიტანს და ლითიუმს, ასევე იშვიათი მიწის ლითონებს და ურანს.
ზელენსკი, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მიერ შეთავაზებულ პროექტს უკრაინისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს და ამასთან აცხადებს, რომ მასში ჩადებული არ არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა, რომელიც კიევში იმყოფებოდა, ვერ დაარწმუნა ზელენსკი, ხელი მოეწერა დოკუმენტზე.
ზელენსკი, პრინციპში, არ ამბობს უარს ამერიკელებთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე და ამაზე ილაპარაკა ადრეც, როცა შემოდგომაზე თავისი ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა.
Reuters-ის წყაროების თანახმად, ზელენსკი ახლაც მზად არის ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას, მაგრამ ის არ უნდა იყოს ასე „მტაცებლური“.
NBC-ისა და Bloomberg-ის თანახმად, თეთრ სახლში ერთობ უკმაყოფილო იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით. ამ ყველაფერმა, არა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკების გამო უთანხმოებამ, განსაზღვრა ტრამპის მხრიდან ზელენსკის მძაფრი კრიტიკა და ის, რომ მას „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დაარღვია.
ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თვლიან, რომ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას, რათა აშშ-ს დაუბრუნდეს სახსრები, რომლებიც უკრაინისთვის გაიღო რუსეთთან მიმდინარე ომის განმავლობაში. ტრამპის თქმით, ეს რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს უდრის. ზელენსკის დათვლით, ეს ასი მილიონი დოლარის ფარგლებშია.
Reuters-ის ცნობით, კიევში მყოფი აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კით კელოგი ამ თემაზეც ისაუბრებს მასპინძლებთან.