წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის შემდგომი დახმარების „აპეტიტი“ არ აქვს
საბიუჯეტო დაფინანსების საკითხებს აშშ-ის კონგრესში ჯერ წყვეტს წარმომადგენელთა პალატა, რომლის უმრავლესობაშიც რესპუბლიკელები არიან.
სპიკერმა ჯონსონმა 20 თებერვალს, ამერიკულ კონსერვატორულ ტელეარხ Newsmax-ს განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან ძალიან გაჭიანურდა და ეს ევროპელ მოკავშირებსაც ესმით, ამიტომ წარმომადგენელთა პალატაში არ აქვთ უკრაინის შემდგომი დახმარების დაფინანსების „არანაირი აპეტიტი“.
ჯონსონი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულება შეუძლია.
რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდშიც და არაერთხელ სცადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაბლოკვა.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ, ხოლო სენატში - დემოკრატები. ამჟამად კონგრესის ორივე პალატის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია.
სპიკერ ჯონსონის განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობის დაძაბვა.
ამ კვირაში ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ზელენსკი, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი".
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.
დონალდ ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაშიც.