"მედიის შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურებას ემსახურება" - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მათივე შეფასებით, ინიციატივა კიდევ უფრო დაამძიმებს კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში.
ორგანიზაციის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან მედიის შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სამ მიზანს ემსახურება:
"დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. [...]
მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. [...]
შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს [...]".
24 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების კიდევ უფრო შესაზღუდად კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომელიც ტელევიზიებსა და რადიოებს შეეხება.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას ექნება, მას კი ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმება შეეძლება.