რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის უკრაინაში ეჭვმიტანილად დაუსწრებლად ცნეს მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)
გამოძიების თანახმად, ლეპსმა, 2023 წლის ზაფხულში გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს, რუსეთის მედიის წინაშე საჯარო პირობა დადო, რომ „მილიონ რუსულ რუბლს გადაუხდიდა რაშისტებს უკრაინის არმიის თითოეული განადგურებული ტანკისთვის“. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.
ასევე, გრიგორი ლეპსმა არაერთხელ გადასცა საოკუპაციო ადმინისტრაციას ჯავშანჟილეტები, საცვლების კომპლექტები და კვების პროდუქტები „ჰუმანიტარული დახმარების სახით“.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლეპსს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, შვეიცარიამ და უკრაინამ. მანამდე დანაშაულებრივ სამყაროსთან რუსი მომღერლის საეჭვო კავშირების გამო გრიგორი ლეპსს თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს ლიეტუვამ და ლატვიამ.