ილონ მასკის თქმით, პლატფორმა X-ზე კიბერშეტევა უკრაინაში შექმნილი IP მისამართებიდან მოხდა
სოციალური ქსელის Х (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ტელეკომპანია FOX NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიბერ თავდასხმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებიდან განხორციელდა.
„დარწმუნებით არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, - თქვა მასკმა.
პლატფორმაზე Х შეფერხებები ორშაბათს დილით დაიწყო. საღამოსთვის სოციალური ქსელი მეტ-ნაკლებად სტაბილურად მუშაობდა, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ცნობები შეფერხებების თაობაზე.
სოციალური ქსელის მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე X-ის სერვერის წინააღმდეგ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჰაკერულმა ჯგუფმა Dark Storm Team.
2025 წლის დასაწყისისთვის სოციალურ ქსელ Х-ს 650 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა. მათ შორის არიან კომპანიებიც და კერძო პირებიც.
მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, უკრაინისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა მასკს დაავალა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.