საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს FARA-ს („უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“) შეჩერების მოთხოვნით. საიასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია "მონიტორი" და "საქართველოს ამბები". სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.
როგორც ორგანიზაციის ოფისში დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ, კანონი "მყისიერ საფრთხეს ქნის ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც შეიძლება მოექცეს კანონის რეგულირების ფარგლებში", შესაბამისად, "არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები".
"ქართული ოცნება" საუბრობს, რომ ეს თითქოს არის ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანი. ეს არ ნიშნავს, რომ ის ანალოგიურად გამოიყენება სხვა სამართლებრივ სივრცეში, სამართლებრივ სისტემაში და პოლიტიკურ კონტექსტში. ერთი მხრივ, ცალსახაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს "ქართულ ოცნებას", რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არა მხოლოდ ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, შეზღუდოს სხვადასხვა ფორმით და ეს კანონის ამ მიზანს ემსახურება", - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
მისი სიტყვებით, "ნორმალური განმარტების პირობებში", კანონი მათი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს გამოყენებული, "მაგრამ მათი ["ქართული ოცნების"] რიტორიკა და ამ კანონის ბუნდოვანი ბუნება და მისი ბუნდოვანი შინაარსი და ასევე განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად".
საიას ხელმძღვანელის თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას, მაგრამ ამის გამო უარს არ იტყვიან კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვის მოთხოვნაზე.
სტუდია "მონიტორის" თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, ნანა ბიგანიშვილის თქმით, მედიაორგანიზაციის ოცწლიანი არსებობის განმავლობაში, მიუხედავად კრიტიკული მედიისთვის კრიზისული პერიოდებისა, არასოდეს დამდგარან "ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე", როგორც ამით ემუქრება, მისი სიტყვებით, "ვითომ ამერიკული კანონი FARA".
ნანა ბიგანიშვილის თქმით, ეს არის „რეპრესიული რეჟიმის გაგრძელება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რაც უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ რასაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ახორციელებს „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიის მიმართ. ეს კანონი ემსახურება თავისუფალი აზრის ჩახშობას და არანაირად არ ემსახურება არც გამჭვირვალობას და არც რაიმე საზოგადოებრივ ინტერესს“.
1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო - დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო.