ევროკავშირი აცხადებს, რომ ჩინეთის კავშირები რუსეთთან ახლა მასთან ურთიერთობების „განმსაზღვრელი ფაქტორია“
ჩინეთის კავშირები რუსეთთან ახლა „განმსაზღვრელი“ ფაქტორია ევროკავშირთან მის ურთიერთობებში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 ივლისს, მას შემდეგ, რაც მან პეკინში დაასრულა სამიტი, რომელზეც სხვათა შორის, ბლოკი შეთანხმდა იშვიათი მინერალების ექსპორტის დაჩქარებაზე.
ჩინეთის ხელმძღვანელობა ცდილობდა ევროკავშირთან დაახლოებას, რადგან
ის თავს აშშ-ზე უფრო საიმედო პარტნიორად და პრობლემურ სამყაროში სტაბილურობის საყრდენად წარმოაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ სამიტი ფორმალურად დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიგეგმა, კრიტიკული საკითხების გრძელმა სიამ ის კამათის ასპარეზად აქცია.
ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ არსებობს ღრმა უთანხმოება ვაჭრობასთან დაკავშირებით, არის შიში, რომ იაფმა, სუბსიდირებულმა ჩინურმა საქონელმა შეიძლება გადატვირთოს ევროპული ბაზრები, და არსებობს რუსეთისთვის პეკინის ფარული მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ბრიუსელი აცხადებს, რომ უკრაინაში 2022 წლის შეჭრის შემდეგ, ჩინეთის მიერ რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მოსკოვის მხარდაჭერაა, რაც რუსეთის ეკონომიკას დასავლეთის მკაცრი სანქციების გადალახვაში დაეხმარა.
სამიტის დასასრულს, ფონ დერ ლაიენმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბლოკმა ნათლად გამოხატა ის, რომ ეს საკითხი ახლა ჩინეთთან ურთიერთობებში „განმსაზღვრელი“ ფაქტორია.
„ჩვენ გამოვთქვით... ჩვენი მოლოდინი, რომ ჩინეთი გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას და მოლოდინს იმის გამო, რომ ის გამოიყენებს თავის გავლენას, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეწყვიტოს სისხლისღვრა“, - თქვა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ბლოკი პეკინთან შეთანხმდა იშვიათი მინერალების ჩინეთიდან ექსპორტის „განახლებულ“ მექანიზმზე, რაც ურთიერთობებში კიდევ ერთ მთავარი თემაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ, რომელიც ასევე პეკინშია, განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ადამიანის უფლებების შესახებ.
ჩინეთმა, პირიქით, 24 ივლისს სამიტი ბლოკისა და პეკინის მიერ მღელვარე სამყაროში ნდობის გაღრმავების გზად წარმოადგინა და თავი, აშშ-თან შედარებით, საიმედო პარტნიორად წარმოაჩინა.
პეკინის დიდ სახალხო დარბაზში, პრეზიდენტი სი ძინპინი ფონ დერ ლაიენსა და კოსტას მიესალმა და განაცხადა, რომ „რაც უფრო მძიმე და რთულია საერთაშორისო ვითარება, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთისა და ევროკავშირისთვის კომუნიკაციის გაძლიერება, ურთიერთნდობის გაზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება“.